რობინ დანიგანი პენსიაზე გავიდა - ოპოზიციაში პირველ შეფასებებს აკეთებენ

05.06.25 15:19
რობინ დანიგანი პენსიაზე გავიდა - ოპოზიციაში პირველ შეფასებებს აკეთებენ

რობინ დანიგანის მიერ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში პირველი შეფასებები კეთდება - "ქართული ოცნების" პოლიტიკური ოპონენტები რობინ დანიგანს მომავალ საქმიანობაში წარმატებას უსურვებენ. 

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი წუხილს გამოხატავს, რომ რობინ დანიგანის თანამდებობაზე ყოფნა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგად საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობები, ფაქტობრივად, შეჩერდა. 

"ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და ვაშინგტონში დამტკიცება, სავარაუდოდ, მეგობარი აქტის მიღების პროცესებს დაემთხვევა. ეს ჩვენთვის იქნება შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს" - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, რომ მას რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა ჩვენს ქვეყანაში. გული მწყდება, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების, ფაქტობრივად, შეჩერება ამერიკასთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და ვაშინგტონში დამტკიცება დაემთხვევა, სავარაუდოდ, მეგობარი აქტის მიღების პროცესებს, თუ ელჩის დამტკიცების პროცესები სწრაფად წარიმართა. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ აქტუალიზაცია მოხდეს საქართველოს საკითხის ვაშინგტონში". - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

რობინ დანიგანის პენსიაზე გასვლას ირაკლი ფავლენიშვილიც ეხმაურება. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ რობინ დანიგანმა საკუთარი განცხადებით სპეკულაციების სივრცე არ დატოვა. 

როდესაც ვსაუბრობთ ამ გადაწყვეტილებაზე, ხაზგასმულია, რომ ეს პირადი გადაწყვეტილებაა. მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, რომ ეს ადამიანი არ აგრძელებს საჯარო საქმიანობას, შესაბამისად ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მან პირადი გარემოებებიდან გამომდინარე მიიღო. არავის აქვს უფლება, რომ ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაციას ჰქონდეს ადგილი. ქალბატონი დანიგანი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მცდელობაში, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულიყო, იყო თავდასხმის სამიზნე. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ე.წ. ხელისუფლების, დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ასე არღვევდნენ დაწერილ, თუ დაუწერელ კანონებს". - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. 

აშშ-ს ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი პოზიციას ტოვებს. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში დიპლომატი წერს, რომ პირადი გადაწყვეტილებით, პენსიაზე გადის. რობინ დანიგანის განცხადებით, მისი გაწვევა აშშ-ის მთავრობას არ მოუთხოვია. აშშ-ის მოქმედი ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოში დიპლომატიურ სამსახურს ივლისში დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები