რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გაეროში „ოცნების“ განცხადება დაიმოწმა

05.06.25 18:09
რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გაეროში „ოცნების“ განცხადება დაიმოწმა

გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მარია ზაბოლოცკაიამ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული არგუმენტის განმტკიცებისთვის მაგალითად "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება მოიყვანა.

სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა რომ:  "7 აგვისტოდან 8 აგვისტოს ღამეს სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო შეტევა სამხრეთ ოსეთზე, დაარღვია ყველა არსებული შეთანხმებისა და მშვიდობიანი დიალოგის დამყარების მცდელობა, შეუტია რუს სამშვიდობოებს".

სწორედ ამ მომენტში, მარია ზაბოლოცკაიამ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებიდან, რომელიც ივანიშვილის გუნდმა სოციალურ ქსელში 2024 წლის 13 აგვისტოს გაავრცელა, შემდეგი ამონარიდი დაიმოწმა:

ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო… საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე”. - წერია  "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაში, რომელიც ივანიშვილის პარტიამ რამდენიმე თვის წინ გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები