ბრიტანეთის ელჩი "ქართული ოცნების" და რუსული დაზვერვის სამიზნე ერთდროულად გახდა - როგორ აიხსნება იდენტური გზავნილები
შალვა პაპუაშვილმა დღე ტრადიციულად ელჩებზე თავდასხმით დაიწყო. ამჯერად მისი სამიზნე ბრიტანეთის ელჩი გახდა. "ოცნების" უკმაყოფილებას დიპლომატის პოლიტიკოსებთან შეხვედრა იწვევს. პაპუაშვილმა ისინი ქვეყნის წინააღმდეგ ერთიან მოქმედებაში დაადანაშაულა და დიპლომატი ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.
დღეს გაკეთებული განცხადება პაპუაშვილის ელჩებზე თავდასხმების ისტორიაში ერთ-ერთი რიგითი კრიტიკული განცხადება იქნებოდა, თუმცა მოვლენები რამდენიმე საათში საინტერესოდ განვითარდა. ამ კომენტარიდან რამდენიმე საათში ბრიტანეთის ელჩს აკრიტიკებს რუსეთის საგარეო დაზვერვაც. განცხადებას კრემლის პროპაგანდისტული მედია "ტასი" აქვეყნებს. "ოცნების" მსგავსად, კრემლიც წერს, რომ ბრიტანეთმა "ოცნების" ძალადობრივი გზით შეცვლა განიზრახა და ამისთვის "ქართულ ოპოზიციას" და სამოქალაქო საზოგადოებას იყენებს.
ფაქტია, რომ ბრიტანეთის ელჩის კრიტიკა ოცნებამ საქართველოში და საგარეო დაზვერვამ რუსეთში ერთსა და იმავე დროს გადაწყვიტა და თან იდენტური გზავნილებით. ოპოზიციისთვის ეს დამთხვევა სულაც არ არის. იმ ფონზე, როცა კრემლის და "ოცნების" ნარატივები ამ დრომდე ერთმანეთს ხშირად დამთხვევია, ოპოზიციას უმყარდება ეჭვი, რომ ოცნება დასავლეთს რუსეთის დავალებით უტევს.