შეეწირა თუ არა გაბიტაშვილის პოსტი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს - სკანდალური ვერსია
ლევან ჯანგველაძის საქმეზე დაკავებული სანდრო წივწივაძის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მთავარი პროკურორის პოსტი ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმის გამოუძიებლობას შეეწირა.
გიორგი ბარდაველიძე ვარაუდობს, რომ პროკურატურას გამოძიება ჩიხში მიზანმიმართულად შეჰყავდა, საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, თუმცა საპროცესო ზედამხედველობა სწორედ პროკურატურა აწარმოებს.
ადვოკატის ვერსიით, "კანონიერი ქურდის" ძმის ლიკვიდაცია პირად ანგარიშსწორებად უნდა წარმოჩენილიყო, ამიტომ დამკვეთებმა ქილერიც და მკვლელობის იარაღიც საგანგებოდ შეარჩიეს.
უფლებადამცველის თქმით, ავსტრიული წარმოების "გლოკ 19", რომლითაც ქილერმა ჯანგველაძეს 14-ჯერ ესროლა, წივწივაძეს წლების წინ მოპარეს. ამაზე განცხადება დაკავებულს პოლიციაში გაკეთებული ჰქონდა, თუმცა პროკურატურამ ბრალი მაინც იარაღის უკანონო გასაღების მუხლით წაუყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამით საქმიდან გააქრეს სავარაუდოდ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული მთაწმინდის საძმოს წევრები, ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე, რომლებმაც გავრცელებული ვერსიით, წივწივაძისთვის მოპარული იარაღი სწორედ გელა უძილაურს გადასცეს.
ადვოკატების ვერსიით, შეკვეთილი მკვლელობის პირად ანგარიშსწორებად წარმოჩენას გამოძიება რამდენიმე მიზეზით ცდილობს. დამკვეთების კვალი მაღალი თანამდებობის და დღემდე დიდი გავლენების მქონე პირებამდე მიდის.
მათ შორის ერთ-ერთია, ოთარ ფარცხალაძე. ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის, მკვლელობაში მონაწილეობაზე ინფორმირებულმა წყარომ, რამდენიმე დღის წინ დაწერა, თუმცა გამოძიება ამ ვერსიის გადამოწმებასაც კი არ ცდილობს.