"დარჩენის სანაცვლოდ ჩუმად ყოფნა მომთხოვეს" - საჯარო მოხელე ამბობს, რომ სამინისტროდან გაუშვეს
საჯარო მოხელე ამბობს, რომ 21 წლიანი მუშაობის შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გაუშვეს. ნოე მეგრელიშვილი წერს, რომ მას სამინისტრომ შრომითი კონტრაქტი მოულოდნელად შეუწყვიტა. როგორც ის ამბობს, გათავისუფლებას წინ გაჩუმების მცდელობა უძღოდა.
მჯერა, საქართველოში ვერასდროს მოიკიდებს ფეხს დიქტატურა. მჯერა, რომ ჩვენი მომავალი ცივილურ დემოკრატიულ სამყაროშია და არა ავტოკრატიულ წყვდიადში - წერს მეგრელიშვილი.
ჩახლართული ამბავია, მაგრამ მოკლედ ვიტყვი:
მითხრეს, რომ პატივს მცემენ როგორც პროფესიონალს და ადამიანს, მაგრამ სამსახურში დატოვებისთვის მომთხოვეს ჩუმად ყოფნა.
სამინისტროში 21 წლიანი მუშაობის შემდეგ ისე შემიწყვიტეს კონტრაქტი, რომ ოფიციალურად არც კი მითხრეს მიზეზი. როგორც ჩანს ჩემი პასუხი არ მოეწონათ. ისე კი, ყველაფერი ცხადზე უცხადესია.
ალბათ, ამის გამო ჩემ შვილებს ბევრი რამ მოაკლდებათ, სამაგიეროდ არც სარკეში და არც მათ თვალებში ჩახედვის შემრცხვება, როდესაც ვასწავლი რა არის ადამიანობა, ქრისტიანობა, ღირსება, მეგობრობა და ქართველობა.
მჯერა, საქართველოში ვერასდროს მოიკიდებს ფეხს დიქტატურა. მჯერა, რომ ჩვენი მომავალი ცივილურ დემოკრატიულ სამყაროშია და არა ავტოკრატიულ წყვდიადში!", - წერს მეგრელიშვილი