"სანქციები მუშაობს" - ოპოზიცია ნაჩო სანჩეს ამორეს განცხადებაზე
სანქციები მუშაობს - ასე აფასებს პროასავლური ოპოზიცია ესპქნელი ევროპარლამენტარის, ნაჩო სანჩეს ამორეს განცხადებას. "თავისუფლების მოედნის" თავმჯდომარე ლაშა ცუცქირიძე პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნებას" მხოლოდ საკუთარი ფული და ძალაუფლება აღელვებს, ამიტომ გასაკვირი არაფერია, თუ ისინი ევროპაში საკუთარი ქონების გადარჩენას ცდილობენ.
ბუნებრივია, რომ ასეთი რამეები ხდება, იმიტომ, რომ ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ გარშემო რამე იდეით კი არ არიან გაერთიანებულები, რამე სახელმწიფო იდეის გარშემო, არა, მთავარი იდეოლოგგია მათი არის ფული და ძალაუფლება და ახლა ერთსაც და მეორესაც სერიოზული საფრთხე ემუქრება და ისინი ცდილობენ, გადაარჩინონ თავისი ქონება. სხვა მათ არაფერი აინტერესებთ. მათი მთავარი ამოცანაა, ჰქონდეთ მეტი ფული და მეტი ძალაუფლება, - ამბობს ლაშა ცუცქირიძე.
გახარიას გუნდის წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ პერსონალური სანქციები ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენის მნიშვნელოვანი ბერკეტია.
ის, რომ პერსონალური სანქციები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ევროპის ხელში, რათა საქართველოს დემოკრატია გადარჩეს, ეს არის ფაქტი და ის, რომ ეს პერსონალური სანქციები კიდევ უფრო მეტი იქნება იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმი გააგრძელებს საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას, ესეც არის ცხადი, - ამბობს თეონა აქუბარდია.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილიც დარწმუნებულია, რომ "ოცნებას" მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა აღელვებს და სწორედ ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ სანქციები მუშაობს.
ივანიშვილის ბანდა ცდილობდა მთელი ამ პერიოდის მანძილზე შეექმნა მილიონერების მიერ მართული ღარიბი ქვეყანა და ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო რეალობაა, როდესაც მთელი რესურსი, რომელიც გროვდება საქართველოში, არის გადანაწილებული ამ ოჯახების მიერ და რა თქმა უნდა, ამ ოჯახებს თავიანთი კეთილდღეობა ადარდებთ ყველაზე მეტად, თავიანთი ვილები ადარდებთ ყველაზე მეტად, თავიანთი, თუნდაც ოჯახის წევრების საგანმანათლებლო მიზნით წასვლა უცხოეთში ადარდებთ ყველაზე მეტად, - ამბობს ფავლენიშვილი.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, გიგა ლემონჯავას თქმით, საერთაშორისო სანქციები მუშაობს და ამას ნაჩო სანჩეს ამორეს განცხადებაც ცხადყოფს.
ეს განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები, სინამდვილეში, ძალიან კარგად მუშაობს. რაც არ უნდა ეცადოს „ქართული ოცნება“, საჯარო კომუნიკაცია ხალხს აჩვენოს თითქოს სანქციები არ აინტერესებს, სინამდვილეში, ფაქტია, რომ მაგალითად, კალაძის მცდელობა, რომ გადამალოს ევროპულ ბანკებში არსებული ფული, რომელიც თვითონ დაადასტურა, ასევე ირაკლი რუხაძის მცდელობა, რომ დამალოს თავისი საბანკო აქტივები, „ქართული ოცნების“ სხვა წევრების ქმედებები, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშრისო პარტნიორების ეს კონკრეტული განცხადება არის ნათელი ილუსტრაცია იმისა, რომ საერთაშორისო სანქციები ძალიან კარგად მუშაობს, - ამბობს გიგა ლემონჯავა.
ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნების“ სანქცირებული წევრები ევროკავშირში რეკავენ და კითხვას სვამენ: როგორ შეუძლიათ სიიდან თავის დაღწევა.
განცხადება სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელმა ევრონესტის დელეგაციის სხდომაზე გააკეთა.
როგორც ის ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია კოლეგებისგან ევროკომისიასა და საგარეო ქმედებათა სამსახურში მიიღო.