11 აქტივისტის საქმე - რა ჩვენება მისცა მოწმე პოლიციელმა პროცესზე

06.06.25 13:33
11 აქტივისტის საქმე - რა ჩვენება მისცა მოწმე პოლიციელმა პროცესზე

11 აქტივისტის საქმე - პირველად მოწმეთა გამოკითხვის განმავლობაში დღეს პროცესზე მისულმა პოლიციელმა ხელი კონკრეტულ ბრალდებულებს დაადო და ირწმუნებოდა, რომ სწორედ ეს ადამიანები ისროდნენ საგნებს  აქციაზე პოლიციის მიმართულებით. საუბარია ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის გამომძიებელ ლევან ნიჟარაძეზე, რომელსაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი 2 საათის განმავლობაში ჰკითხავდა. 

ლევან ნიჟარაძე ამტკიცებს, რომ პოლიციის შენობაში 4 საათის განმავლობაში შიფრავდა ვიდეოკადრებს, რომელიც მას შსს-ს პრესსამსახურმა მიაწოდა და თავადაც  ეხმარებოდა პირების ამოცნობაში. თუ მოწმეს დავუჯერებთ, მას ჰქონდა ოპერატიული ინფორმაციაც შესაძლო დანაშაულის შესახებ.

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი მაქვს ინფორმაცია, კერძოდ, ვიდეოჩანაწერების სახით, რომელშიც ასახული იყო სხვადასხვა ძალადობრივი ქმედება შსს-ს მიმართ. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში ფიქსირდებოდა რევაზ კიკნაძე, ირაკლი ქერაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ავთანდილ ჭედია  და ფიქსირდებოდა სერგეი კუხარჩუკი. სერგეი კუხარჩუკი და ავთანდილ ჭედია, რომლებიც შსს-ს თანამშრომლებს ისროდნენ ზოგი ქვებს, ზოგი ფოიერვერკებს და სხვადასხვა მყარ საგნებს. უფროსმა დეტექტივმა გიორგი ჩხეიძემ ოპერატიული ინფორმაცია, რომ აღნიშნული პიროვნებები მონაწილეობდნენ უშუალოდ სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ, შესაბამისად, მათი ანკეტური მონაცემები, მათი ფოტოსურათები შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან უკვე გვქონდა და როდესაც გადავედით შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში, უკვე მოვახდინეთ სავარაუდო იდენტიფიცირება, რაც შემდგომ უკვე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა.

დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ვსწავლობდით, ქალბატონი ანა ბარაბაძე იჯდა კომპიუტერთან და გვანახებდა ვიდეოჩანაწერებს გადახვევის რეჟიმში მათ შორის, ჩვენს მიერ მითითებული დროის პერიოდში - თქვა სხდომაზე ლევან ნიჟარაძემ. 

აღსანიშნავია, რომ აქამდე გამოკითხულმა ვერცერთმა პოლიციელმა დაკავებული აქტივისტებისთვის ხელის დადება ვერ შეძლო.

მომდევნო პროცესზე მოწმეების გამოკითხვას ისევ ბრალდების მხარე განაგრძობს. 

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები