დავითულიანი ამტკიცებს, რომ "უსამართლო სანქციების გასწორება" მათი წევრების მხრიდან, ლეგიტიმური მოთხოვნაა
"ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო სანქციები უსამართლოა და თუ ვინმე ამ სანქციების გასწორებას ითხოვს, ამაში გასაკვირი არაფერია. ეს განცხადება ივანიშვილის გუნდის წევრმა ესპანელი ევროპარლამენტარის ნაჩო სანჩეს ამორეს განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
ამასთან, დეპუტატი, რომლის პარტიის მმართველბასაც საზოგადოების ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევს, ირწმუნება, რომ ევროპარლამენტის განცხადებები ყოველთვის სიმართლეს არ ემსახურება.
ეს სანქციები არის უსამართლო და ვინმე თუ ამ სანქციების გასწორებას ითხოვს, ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. თუ ითხოვს, ერთი. მეორე - ევროპარლამენტის განცხადება არ ნიშნავს, რომ ეს არის აპრიორი ჭეშმარიტება. ვის რა აქვს ესპანეთში მე არ ვიცი, მაგრამ თუ ვინმე სანქციების შემდეგ ითხოვს ამ უსამართლობის გასწორებას, ამაში პრობლემურს ვერაფერს ვხედავ, - ამბობს ბექა დავითულიანი.
ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნების“ სანქცირებული წევრები ევროკავშირში რეკავენ და კითხვას სვამენ: როგორ შეუძლიათ სიიდან თავის დაღწევა.
განცხადება სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელმა ევრონესტის დელეგაციის სხდომაზე გააკეთა.
როგორც ის ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია კოლეგებისგან ევროკომისიასა და საგარეო ქმედებათა სამსახურში მიიღო.