"ყველას აქვს უფლება, თავისი უფლებები დაიცვას" - გორდულაძე ევროკავშირში ზარებზე
"ოცნების" წევრი არჩილ გორდულაძე პარტნიორებს "გლობალური ძალის" წარმომადგენლებად იხსენიებს და ამტკიცებს, რომ ევროპა მათ გუნდს სანქციებით აშანტაჟებს. ივანიშვილის პარტიის წევრი ნაჩო სანჩეს ამორეს განცხადებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ მათ აქვთ უფლება, თავი უსამართლო სანქციებისგან დაიცვან.
რაღაც დარეკვაზე, მესიჯებზე თუ დესპანის ფრენაზეა საუბარი. ერთი რამეა, ამ ადამიანს ალბათ უნდა გაეკეთებინა იმაზეც კომენტარი, როგორც ნებისმიერ სხვას, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ თავისი უფლებები დაიცვას სამართლიანი სასამართლოს წინაშე. სამწუხაროდ, დასანქცირებები ხდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზეზიდან გამომდინარე, მერკანტილური ამოცანებიდან გამომდინარე, არავითარი დასაბუთებით და ეს არის შანტაჟის იარაღად გამოყენებული. ადამიანს არ აქვს უფლება, რომ თავისი უფლება დაიცვას ნებისმიერ პირთან მიმართების გზით. ეს არის პირდაპირი დარღვევა ადამიანის ძირითადი უფლებების, რასაც, სამწუხაროდ, შეგვაჩვიეს გლობალური ძალების წარმომადგენლებმა, - ამბობს არჩილ გორდულაძე.
ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნების“ სანქცირებული წევრები ევროკავშირში რეკავენ და კითხვას სვამენ: როგორ შეუძლიათ სიიდან თავის დაღწევა.
განცხადება სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელმა ევრონესტის დელეგაციის სხდომაზე გააკეთა.
როგორც ის ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია კოლეგებისგან ევროკომისიასა და საგარეო ქმედებათა სამსახურში მიიღო.