ნიკა მელიას უკანონო გატაცებიდან 8 დღე გავიდა, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა - ადვოკატი ომბუდსმენს რეაგირებისკენ მოუწოდებს
ნიკა მელიას უკანონო გატაცებიდან 8 დღე გავიდა, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა - ამის შესახებ "პირველებთან" დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დაცვის მხარეს საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემია.
კონდახაშვილი სახალხო დამცველს მიმართავს და სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.
დღეს გავიდა 8 დღე ნიკა მელიას უკანონო გატაცებიდან. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი განცხადება, თუმცა დაცვის მხარის არაერთი წერილისა თუ მოთხოვნის მიუხედავად, არც გამოძიება დაწყებულა აღნიშნულ კრიმინალურ გატაცებაზე, დაცვის მხარეს არ გადმოგვცემია ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალები, აღნიშნული საქმე არ მიუტანიათ სასამართლოში. თავი რომ დავანებოთ რაიმე სახის ჩანაწერს, ვიდეოფიქსატორის ჩანაწერს, სამხრე კამერის ჩანაწერებს, არანაირი რეაგირება ჩვენს კანონიერ მოთხოვნაზე არ განხორციელებულა. მივმართეთ ყველა უწყებას. მივმართავთ საჯაროდ სახალხო დამცველს, მოახდინონ რეაგირება. ეს არის თავგასულობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ეს არის აბსოლუტური უკანონობა. პოლიტიკური ლიდერი მოიტაცეს და უკვე 8 დღეა, ადვოკატებს არ ეძლევათ განმარტება, რა დაედო საფუძვლად აღნიშნულ გატაცებას, რა ფაქტები უძღვოდა წინ და რა დევს ადმინისტრაციული საქმის მასალებში". - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
- შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.
ნიკა მელიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა მის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციას შესახებ, თქვა, რომ კი არ დააკავეს, არამედ გაიტაცეს, ძალის გამოყენებით ჩატენეს ფურგონში, სადაც 11 ადამიანი იმყოფებოდა. მელიას თქმით, მას შსს-ს წარმომადგენლები ვიდეოებს უღებდნენ და "ხელმძღვანელობას" უგზავნიდნენ.