მამუკა ხაზარაძე: მინდა, მსჯელობა გაიხსნას
უნდა მიიღონ თუ არა "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა ოპონენტებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა - კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მოცემულ თემასთან დაკავშირებით მსჯელობის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს.
მამუკა ხაზარაძე "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ საჭიროა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აუდიენცია ჩანიშნონ საზოგადოების ყველა იმ წარმომადგენელთან, რომელთაც ექნებათ პოზიცია იმის შესახებ, თუ რა სჯობს - გამოუცხადოს ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი, თუ ივანიშვილის გუნდის პოლიტიკური ოპონენტები მათ წინააღმდეგ ბრძოლაში შევიდნენ.
ამასთან, მამუკა ხაზარაძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა/არ მონაწილეობასთან დაკავშირებით კოალიციის პოზიციასაც აჟღერებს - "ჩვენ პარტიაში ვემხრობით, რომ ბრძოლის გარეშე არ დავთმოთ არაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტო შევვარდებით არჩევნებში".
ირაკლი კუპრაძემ ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ ხომ არ ვიმსჯელოთ, რომ თუ არ დაინიშნა ახალი არჩევნები, რას ვაკეთებთ? ხომ არ ვიფიქროთ, რომ ბრძოლით შევიდეთ. იმის მაგივრად, რომ მიგვეღო პასუხი - მოდი ამაზე ვიმსჯელოთ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ღვარძლი, შეურაცხყოფა, თავდასხმა და დიქტატი წამოვიდა, რომ როგორ ბედავ, რომ ამაზე საუბრობ. ვისგან წამოვიდა და მათ შორის პოლიტიკოსებისგანაც. მე პოლიტიკაში იმიტომ შემოვედი, რომ ეს ვაი გავისტუმროთ და უი დავაბრუნო, რომელიც აკრძალვას ალტერნატიული აზრის გარშემო მსჯელობას, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. მაშინ რა განსხვავებაა "ოცნებასა" და იმ ხალხს შორის, რომელიც გიკრძალავს ამაზე საუბარს...
მე ვფიქრობ, რომ დღეს ალტერნატივა ამ ხელისუფლებას მხოლოდ გაერთიანებაში, დიალოგში, კარგად აწონ-დაწონაში აქვს. მე მინდა, რომ მსჯელობა გაიხსნას. ჩვენ პარტიაში ჩვენ ვემხრობით, რომ ბრძოლის გარეშე არ დავთმოთ არაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტო შევვარდებით არჩევნებში. ჩვენ შევხვდებით არა მარტო პოლიტპატიმრების მშობლებს, არამედ ყველა იმ ადამიანთა ჯგუფს, ვისაც აქვს არგუმენტი, რატომ სჯობს ბოიკოტი, ან სხვა ტაქტიკა საერთო ბრძოლის მოსაგებად". - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.