ხაზარაძე: თუ გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, "ოცნებას" მოგებულ ქალაქებს უბრძოლველად გავატანთ... ივანიშვილი ლეგიტიმაციას მიიღებს

06.06.25 21:50
ხაზარაძე: თუ გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, "ოცნებას" მოგებულ ქალაქებს უბრძოლველად გავატანთ... ივანიშვილი ლეგიტიმაციას მიიღებს

ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" არანაირ შემთხვევაში არ აწყობს, რომ ძლიერმა, გაერთიანებულმა პლატფორმამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, - ამის შესახებ კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ პროდასავლური ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს, "ქართულ ოცნებას" "მოგებულ ქალაქებს უბრძოლველად გაატანს".

კითხვაზე, დღეს ვის უფრო აწყობს ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის გასვლა, ხაზარაძე პასუხობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ბიძინა ივანიშვილი მთელი მსოფლიოსგან მიიღებს "ლეგიტიმაციას", რადგან "ის არჩევნებს გაყალბების გარეშე ჩაატარებს".

ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" არანაირ შემთხვევაში არ აწყობს, რომ ძლიერმა, გაერთიანებულმა პლატფორმამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. რატომ? იმიტომ, რომ როგორც ისინი დაინახავენ, რომ ჩვენ გამოვაცხადებთ ე.წ. ბოიკოტს და ვეტყვით, რომ ამ ბრძოლაში არ შევდივართ, ისინი ჩაატარებენ სანიმუშო არჩევნებს, მოხსნიან კალანდარიშვილს და დანიშნავენ ბუნჩულა ადამიანს, ისევე როგორც მოხსნეს დასანქცირებული ადამიანები. 

თუ გაერთიანებული ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში, უბრძოლველად გავატანთ მოგებულ ქალაქებს - თბილისს, რუსთავს და ა.შ., ჩვენ გვექნება შემდეგი სურათი, ბიძინა ივანიშვილი მთელი მსოფლიოს თვალში ლეგიტიმაციას აიღებს, ჩამოიყვანს დამკვირვებლებს და იტყვის, ნახეთ როგორი არჩევნები ჩავატარეო. არც გააყალბებს, ეყოლება ოპოზიცია. როგორც მე დამიბარა ცრუ ოპოზიციით შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ, თავის ამომრჩეველს და გადაუწყვეტელ ხალხს ეტყვის, რომ შეიცვალა ცხოვრება, აგერ არის ოპოზიცია, არანაირი გაყალბება არ იქნებაო...

ამის მერე ეს ხელისუფლება ბოლომდე გაიმყარებს საფუძველს. ჩემთვის ადგილობრივი არჩევნები არის სახლისთვის ფუნდამენტის აშენება, რადგან საპარლამენტო არჩევნები არის დიდი ბრძოლა, რომელიც ცვლის ხელისუფლებას, მაგრამ ადგილობრივი არჩევნები არის ქალაქები, საკრებულოები, რომელზეც ოპოზიციური პარტიის სიძლიერე დგას. წარმოიდგინე, შენ უბრძოლველად ამას აბარებ "ქართულ ოცნებას"... არ მონაწილეობა არჩევნებში პარტიებისთვის ნიშნავს კაპიტულაციას." - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.