ნატოსა და EU-ს საინფორმაციო ცენტრის დახურვა საქართველოში - ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პირველი პასუხი "ოცნებას"
ნატოს პირველი პასუხი "ქართულ ოცნებას" - როგორ აფასებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დახურვას, ამ კითხვაზე ოფიციალური პირის პასუხი "ევროსკოპმა" ექსკლუზიურად მოიპოვა.
ნატო შეშფოთებულია "ოცნების" გადაწყვეტილებით და აცხადებს, რომ ცენტრის დახურვა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დანაკარგი იქნება, რადგან ის საკვანძო როლს ასრულებდა საზოგადოების ცნობადობის გაძლიერებაში.
შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით. ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაკარგი, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქართველ ხალხს სჭირდება მეტი ფაქტობრივი ინფორმაცია ალიანსის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. 2005 წლის შემდეგ, როდესაც ცენტრი შეიქმნა, რეგიონული და ადგილობრივი ოფისების ქსელების ჩათვლით, ის საკვანძო როლს ასრულებდა საზოგადოების ცნობადობის გაძლიერებაში ნატოსა და მისი ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის შესახებ საქართველოსთან. ცენტრი ღირებული პარტნიორია ნატოს სახალხო დიპლომატიის სექციისთვის და ნატოს სამეკავშირეო ოფისისთვის საქართველოში სახალხო დიპლომატიის ინიციატივების განსახორციელებლად. ქვეყნის რეგიონების მასშტაბით. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში. ეს სტრატეგიული მიზანი ასევე დევს საქართველოს კონსტიტუციაში", - ნათქვამია პასუხში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს აუქმებს - თანამშრომლებს გათავისუფლების წერილები უკვე დაეგზავნათ.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში "პირველებს" უთხრეს, რომ ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის დაქვემდებარეში გადადის.