ჟურნალისტური გამოძიება: ირაკლი ზარქუას სიდედრის სამშენებლო ბიზნესი

07.06.25 20:52
ჟურნალისტური გამოძიება: ირაკლი ზარქუას სიდედრის სამშენებლო ბიზნესი

ირაკლი ზარქუას სიდედრის სამშებლო ბიზნესი - "შაბათის ეთერის" სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება. 

თბილისში, ჭიაურელის 15 ნომერში, მიწა, რომელზეც ავეჯის სახლი "ვერონა" დგას და საცხოვრებელი კორპუსი შენდება, ირაკლი ზარქუას სიდედრს ეკუთვნოდა. ირკვევა, რომ ზარქუას სიდედრს, სპეციალური ზონალური შეთანხმებით, საგამონაკლისო წესით, სავაჭრო ობიექტის მშენებლობის უფლება მისცეს.

საბოლოოდ, მიწაზე, რომელსაც ირაკლი ზარქუას სიდედრი ფლობდა, 3 სართულზე გაცემულმა ნებართვამ ტრანსფორმაცია იმდენჯერ განიცადა, რომ აქ ახლა 9 სართულიანი კომპლექსი შენდება. 

ნებართვების მოპოვების ისტორია 2018 წლიდან იწყება:

  • ირაკლი ზარქუას სიდედრი ამ დროს თბილისის მერიისგან, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობისთვის, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობას ითხოვს - კალაძის უწყებისგან დასტურს იღებს, თუმცა ბევრი შეზღუდვით და დათქმით. 
  • 4 თვეში, ირაკლი ზარქუას სიდედრი, ამ მიწებს მილიონ 928 ათას დოლარის სანაცვლოდ, კომპანია შპს ,,აღმაშენებელი 51’’-ზე აფორმებს. კომპანიის აქციების 50%-ის მფლობელი ვინმე ნუკრი ლიპარტაშვილია, რომელიც "ოცნების" მოქმედი მინისტრის, დავით სონღულაშვილის მამიდაშვილი აღმოჩნდა.

ეს ყველაფერი არ არის, ირაკლი ზარქუას სიდედრმა, სონღულაშვილებთან დაკავშირებულ კომპანიაზე მიწა 2019 წლის იანვარში გაასხვისა, თუმცა 3 თვის შემდეგ, მერიაში კიდევ ერთი ცვლილების მოთხოვნით, განაცხადი რატომღაც მაინც ზარქუას სიდედრს შეაქვს:

  • ქალბატონი ლია ამჯერად 3 სართულიანი სავაჭრო ობიექტის მშენებლობის ნებართვას ითხოვს. (ამ დროს მისი სიძე უკვე დედაქალაქის საკრებულოში, თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე მუშაობს) მოთხოვნაც კმაყოფილდება და მერიიდან თანხმობა მოდის. 

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: მერიის მიერ გაცემულ და ბეჭედდარტყმულ ნებართვებში აღმოვაჩინეთ, რომ  2020 წლის 8 სექტემბერს, ამ მიწისთვის, მერიას და საკრებულოს, ფაქტობრივად უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღებას სთხოვენ: 

  • იქ, სადაც მხოლოდ 2 და 3 სართულიანი განაშენიანება გვხვდება, მშენებლობით დაინტერესებულმა კომპანიამ მრავალსართულიანი სავაჭრო ობიექტის ასაშენებლად, ფუნქციური ზონის ცვლილება მოითხოვა. კალაძეს უარი არ უთქვამს. მეტიც, უფლება მისცა არსებულ სამ სართულზე, კიდევ 6 სართული დაეშენებინათ. 
  • ამ ცვლილების მიხედვით, ეს 6 სართული, საცხოვრებელი ფუნქციის მქონე არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ 2021 წლის 5 ნოემბერს, დედაქალაქის მერიაში კიდევ ერთი მოთხოვნა შედის. სპეციალურ საგამონაკლისო ზონალურ შეთანხმებას ხელს პირადად კახა კალაძე აწერს, რითაც მიღწეულ იქნა მთავარი შედეგი -  სავაჭრო ობიექტის თითქმის ნახევარი საცხოვრებელ ბინებად გადაიქცა. ირაკლი ზარქუა ამ დროს უკვე "ქართული ოცნების" დეპუტატია. 

მერიიდან დამატებით მიღებული  6 სართულითა და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის საცხოვრებლად გადაკეთებით ეს პროცესი არ დასრულებულა: 

  • 2021 წლის 27 დეკემბერს, აღმაშენებლის ხეივნის 51-ე კილომეტრზე გაიცა კიდევ ერთი საგამონაკლისო ნებართვა, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი ფუნქციით ასათვისებელი 42% -ისთვის  გადასახდელი, ნამატი ფართის 10% 4%-მდე შემცირდა. თავად ეს 42 % კი 3 თვეში 90%-ად გადაიქცა, რაც იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელი ფართების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა.
  • საბოლოოდ სამშენებლო მოცულობა 33758.4 კუბური მეტრიდან 74950 კუბურ მეტრამდე გაიზარდა. ოპოზიციის შეფასებით, გაყიდვების შედეგად კი თითოეული კვადრატული მეტრი, ლოგიკურად ფულად იქცევა, დიდ ფულად. 

ამასთან, "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ ლია ლომსაძემ ქალიშვილს ვაკეში, 206 კვადრატული მეტრი ბინა აჩუქა, ამ ბინაში ოჯახთან ერთად, ახლა თავად ირაკლი ზარქუა ცხოვრობს. 

ზარქუას სიდედრი და მშენებარე კორპუსი - მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი
 

მსგავსი სიახლეები