ვინ არის მანდატურების შეფი, ვისაც პატიმრების ოჯახის წევრები ანგარიშსწორებაში სდებენ ბრალს
ვინ გასცემს ქალების, მათ შორის შვილმკვდარი დედების შენობიდან ძალის გამოყენებით გაყვანის ბრძანებას? სასამართლოს მანდატურების ხელმძღვანელ დავით მატიაშვილს პროევროპულ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები კიბიდან დაგორებასა და ანგარიშსწორებაში სდებენ ბრალს.
დაკავებული ახალგაზრდების მხარდამჭერები და მეგობრები "შაბათის ეთერთან" ამბობენ, რომ 46 წლის მატიაშვილის ბრძანებების შემდეგ, იწყება მათ წინააღმდეგ ძალადობის სერია.
პროევროპული აქციების დროს დაკავებულთა მშობლები პირდაპირ ამბობენ, რომ მატიაშვილი წყვეტს, ვინ უნდა შეუშვან პროცესზე და ვინ არა. ხშირად მისი გადაწყვეტილებით, პატიმრების ოჯახის წევრები ვერ ხვდებიან სხდომაზე. არ ეძლევათ შანსი, ციხეში გამომწყვდეული შვილები, ძმები და მამები სასამართლოში მაინც ნახონ.
დავით მატიაშვილი სისტემაში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მივიდა, როცა სასამართლოს ადმინისტრაციის უფროსის პოსტს ახლა უკვე ქართული ოცნების რიგებში გადმოსული ვანო ზარდიაშვილი იკავებდა.
ერთი-ერთი ყოფილი მოსამართლე, რომელმაც სისტემა კარგად იცის გვიყვება, რომ დავით მატიაშვილი სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის პოსტზე ლევან მურუსიძესთან თანაცხოვრებაში მყოფი ქალის, ლელა ჭაიას ჩართულებით დანიშნეს.
სამოქალაქო აქტივისტებს აქვთ ეჭვი, რომ სწორედ ამ განუსაზღვრელი ძალაუფლების დამსახურებაა, რომ მატიაშვილი შვილის თანატოლებზე ფიზიკური ძალადობის ბრძანებას გასცემს.