ადვოკატი: პოლიტპატიმარ ანტონ ჩეჩინს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა
ადვოკატისა და ოჯახის ინფორმაციით, პროევროპული აქციების დროს დაკავებულ ანტონ ჩეჩინს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ფაქტთან დაკავშირებით, ადვოკატმა მომხდარის შესახებ სახალხო დამცველის აპარატსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე შეატყობინა.
გიორგი ჩხეიძის ინფორმაციით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დაკავებული მოინახულა, პატიმარმა ინფორმაცია მიყენებული დაზიანებების შესახებ ლევან იოსელიანის წარმომადგენელსაც დაუდასტურა:
„როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა დღეს პოლიტპატიმარ ანტონ ჩეჩინს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელმა/თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბუნებრივია დროულად მივმართეთ სახალხო დამცველის აპარატს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა ანტონი და სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურა ინფორმაცია მიყენებული დაზიანებების შესახებ. აღნიშნულს აუცილებლად მოჰყვება ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირებაც. ამ დროისთვის ანტონი თავს ნორმალურად გრძნობს. დამატებითი სიახლეების შემთხვევაში ბუნებრივია მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას“ - წერს გიორგი ჩხეიძე სოციალურ ქსელში.
პატიმრის ცოლის, მანანა სამხარაძის ინფორმაცით, კი ანტონ ჩეჩინს ბადრაგმა ხელები გადაუგრიხა.
"არაფრის გამო ბადრაგ(ებ)ის მხრიდან ხელების გადაგრეხვა, რის შედეგადაც ჩალურჯებები დარჩა.
დღეს თუ ეს იქნება ნორმა და ხელები შეაჩვიეს, უახლოეს მომავალში რას იზამენ?
სავამ ჩვენ დროს ვწელავთ, არავინ იცის, ამ პერიოდში ვი რას დაუშავებენ"- აცხადებს დაკავებულის ცოლი.
აქციების დროს დაკავებული ანტონ ჩეჩინი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ვერ დაესწრო, ოჯახის ინფორმაციით, მას თავში სიმსივნური წარმონაქმნი აქვს.