ეს უკვე კადიროვის საქართველოა - ნიკა გვარამია
კოტე იოსელიანის გატაცება მიმართული იყო თინა ბოკუჩავას და იმ პარტიის განეიტრალებისკენ, რომელსაც ის წარმოადგენს, - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია ენმ-ს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას.
საგანგებო ბრიფინგზე გვარამიამ პირდაპირ თქვა, რომ ის მძიმე მოვლენები, რაც ქვეყანაში ყოველდღიურად ხდება, "უკვე კადიროვის საქართველოა".
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი დაუშვებლად მიიჩნევს "ქართულ ოცნებასთან" თუნდაც ირიბ თანამშრომობას და მას სრულ ბოიკოტს უცხადებს.
ჩვენ არცერთი წამით არ გვეპარება ეჭვი, რომ ის, რაც მოხდა, მიმართული იყო მისი (თინა ბოკუჩავას) პოლიტიკური განეიტრალებისკენ, უპირველეს ყოვლისა, და პარტიის, რომლის თავმჯდომარესაც იგი წარმოადგენს.
სრულ თანადგომას ვუცხადებთ თინას და კვლავ ვაფიქსირებთ, რომ ამ მწვერვალებს ყოველდღიურად იპყრობს, ამ უმძიმეს მწვერვალებს ყოველდღიურად იპყრობს „ქართული ოცნება“. ეს პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით და ყველაზე უფრო მოწყვლადი სუბიექტების მიმართ მუქარით, ვგულისხმობ ბავშვებს და პირველ რიგში, მცირეწლოვან ბაშვებს.
ეს არის კადიროვის საქართველო, ეს არ არის საქართველო. ასეთი რამ უპრეცედენტოა ქვეყნისთვის. ასეთი რამ არ უფიქრია იგორ გიორგაძესაც კი ათეულობით წლების წლინ და ამას კადრულობს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები.
ამგვარ ვითარებაში, ხაზგასმით ვამბობ, სრულიად წარმოუდგენლად მიგვაჩნია ამ რეჟიმთან რაიმეზე, თუნდაც ირიბი თანამშრომლობა და უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, სრული ართანამშრომლობის რეჟიმი, სრული ბოიკოტირება მათ მიერ მოწყობილი სამარცხვინო სპექტაკლებისა და უპირველეს ყოვლისა, ამაში ვგულისხმობ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესი, ჩაგვითრიოს პროცესის სიმულაციაში, რაც მხოლოდ მას აწყობს. არ აწყობს პირველ რიგშ, ჩვენს სამშობლოს, საქართველოს მოქალაქეებს და არცერთ პოლიტიკურ მოღვაწეს, - თქვა ნიკა გვარამიამ.
ცოტა ხნის წინ, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სკანდალური განცხადება გააკეთა- მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისი ქმრის „ძალადობრივი გატაცების მიზეზი“ მისი გაჩუმებაა.
8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის.