თავი სამართალდამრღვევად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის! - მზია ამაღლობელი
თავი სამართალდამრღვევად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის! - ამის შესახებ დაპატიმრებულმა მედიამენეჯერმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის ადმინისტრაციულ საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღეს მოსამართლე არკვდა, დაარღვია თუ არა ჟურნალისტმა კანონი, როცა 12 იანვარს, აჭარის პოლიციის სამმართველოს დამხმარე შენობაზე სტიკერი გააკრა წარწერით - "იფიცება საქართველო".
„არ ვიცი სამართალში პრაქტიკაში როგორაა, მაგრამ ერთ შემთხვევაზე, სტიკერის გაკვრაზე, მეორედ რომ მასამართლებენ, ეს უსამართლოდ მიმაჩნია და მინდა იცოდეთ. შეურაცხმყოფლად მიმაჩნია ასევე ის, რომ იერსახის დამახინჯებას მედავებიან. იმ ქალაქში, სადაც ვცხოვრობდი, ბათუმში, ადმინისტრაციაში ჩემი ხელმოწერით არაერთი განცხადებაა შეტანილი და ნებართვაც მაქვს მოპოვებული, როცა ვიცოდი, რომ რაღაცისთვის ნებართვის მოპოვება მჭირდებოდა. არ მიმაჩნია სამართალდამრღვევად თავი, იმიტომ რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის და მით უფრო, ჩემს შემთხვევაში. „იფიცება საქართველო“ ძალიან კეთილშობილური მესიჯია. ეს სტიკერის გაკვრა იყო სოლიდარობის და პროტესტის გამოხატვა აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. სტიკერი გავაკარი და ეს იყო გამოხატვა, სოლიდარობის და პროტესტის ფორმა“,- განაცხადა მზია ამაღლობელმა.
დაცვის მხარის განცხადებით, მზია ამაღლობელის მიერ განხორციელებული ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა.
პროცესს დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი, საიმონ კუკი ესწრებოდა.
ცნობისთვის, 18 მარტს ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. პროკურატურა ამაღლობელს პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა.