კადიროვის მეთოდის ექსპორტი - დაადგა თუ არა "ოცნება" ჩეჩნეთის ლიდერის გზას?
2025 წლის 3 ივნისი, მოსკოვი - იაროსლავის ხალხმრავალი სადგურიდან ხუთმა პირმა ცნობილი ბლოგერი გაიტაცა, მანქანის საბარგულში ჩატენა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. ავტომობილს აქვს სანომრე ნიშნები, რომელსაც რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იყენებენ. თუმცა მედია წერს, რომ არეგ შჩეპიხინს ჩასაფრება კადიროვის დაჯგუფების წევრებმა მოუწყვეს. ვიდეო კადრებით დგინდება, რომ კაცი, რომელსაც კრიმინალური წესებით იტაცებენ, პოლიციის დახმარებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.
შჩეპიხინი კადიროველების სამიზნე, სავარაუდოდ, ვიდეომიმართვის გამო გახდა, სადაც ჩეჩნები უცენზურო ლექსიკით მოიხსენია. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო გაუსწორდნენ მას ფიზიკურად. ჩეჩნეთში თქვეს, რომ კაცი კი არ გაიტაცეს, არამედ დააკავეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა. უკანონო ტყვეობის შემდეგ, შჩეპიხინი საჯაროდ ნაცემი გამოჩნდა და ბოდიშის მოხდის ვიდეოც ჩაწერა.
ბოდიშის ვიდეოები გატაცების და ცემის შემდეგ, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ხელწერად იქცა. ეს არ არის პირველი გატაცება, რომელიც მის სახელს უკავშირდება. 2021 წლის 22 დეკემბერს ჩეჩნეთიდან 20-მდე ადამიანი მოიტაცეს. ოცივე მათგანი კადიროვის კრიტიკოსების ნათესავი იყო. ყველა ერთ დღეს გაუჩინარდა. მაშინ გატაცებულთა ნათესავებს მძევლების შიშველ ფოტოებს და წამების ამსახველ მასალებს უგზავნიდნენ.
კადიროვის მეთოდის ექსპორტი - დაადგა თუ არა "ოცნება" ჩეჩნეთის ლიდერის გზას?