პოლიტიკური ლიდერები განაჩენის მოლოდინში - გაუშვებენ თუ არა ივანიშვილის ოპონენტებს ციხეში?

09.06.25 20:43
პოლიტიკური ლიდერები განაჩენის მოლოდინში - გაუშვებენ თუ არა ივანიშვილის ოპონენტებს ციხეში?

მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს დარბაზი პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც მოსამართლე ზვიად შარაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების დაკითხვაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ანუ, თეა წულუკიანი სასამართლოში არ მივა. ეს მაშინ, როდესაც სწორედ წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე მიუსვლელობის გამო დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.

ხაზარაძის და ჯაფარიძის სასამართლო პროცესები უკვე ფინალშია. მოსამართლემ "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ან ციხეში უნდა გაუშვას, ან დააჯარიმოს. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ არ აინტერესებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, რადგან სასამართლო ვერ ბედავს დაიბაროს "ქართული ოცნების"  წევრები, რომლებმაც წესით არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთონ, რის საფუძველზე დაიბარეს კომისიაზე "ძლიერი  საქართველოს" ლიდერები.

მამუკა ხაზარაძის პროცესის პარალელურად, დღეს ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესიც გაიმართა. შუამდგომლობა ამ შემთხვევაშიც იდენტურია - კომისიის წევრების სასამართლოში დაბარება, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა. არადა, საქმეში არ არსებობს დოკუმენტური გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კომისიაზე იყო დაბარებული. ერთადერთი, რასაც ბრალდება ეყრდნობა, პარლამენტის ის თანამშრომელია, რომელსაც კომისიასთან შეხება არ აქვს და "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მოწვევა სიგნალის მეშვეობით გაუგზავნა.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერების პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოში გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. ოპოზიციონერი ლიდერი ცდილობდა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილისთვის აეხსნა, რომ მას წულუკიანის კომისიიდან შეტყობინება არ მიუღია, არც ის იცის, რას ედავებიან, ამიტომ პირველ რიგში, სასამართლოს კითხვებს წულუკიანმა უნდა უპასუხოს.

პოლიტიკური ლიდერები განაჩენის მოლოდინში - დეტალები ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები