მაქინაციები რიყის დოქებით? - რა ვიცით ამ გარიგებაზე

09.06.25 20:59
მაქინაციები რიყის დოქებით? - რა ვიცით ამ გარიგებაზე

ერთ თვეში ორჯერ გაყიდული ქონება - რიყის დოქები ისევ გაიყიდა. დედაქალაქის ცენტრში იტალიელი არქიტექტორის ქმნილება ახლა უკვე შპს "მაქრო ფროფერთის" საკუთრებაა. კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი მიხეილ ტყეშელაშვილია, "ოცნების" წევრის გიორგი ბარვენაშვილის წილების მმართველი. მიხეილ ტყეშელაშვილი იყო "რიყე დომის" მფლობელიც, ანუ, იმ კომპანიის, რომელმაც 1 თვეც არ მოიცადა, ისე გაყიდა რიყის დოქები. შემძენმა გამყიდველს ახლა 2 მილიონ 840 ათასი დოლარი უნდა გადაუხადოს. ეს გარემოებები კორუფციის მკვლევრებს აფიქრებინებს, რომ საქმე კარგად აწყობილ სქემასთან აქვთ.   

რიყის დოქების ახალმა მფლობელმა რუს ბიზნესმენ დავით ხიდაშელსაც უნდა გადაუხადოს თანხა, კერძოდ, 10 მილიონი დოლარი. გამოდის, რომ რიყის დოქები ისე იყიდეს და გაყიდეს, რომ "რიყე დომს" ხიდაშელისთვის თანხა არ გადაუხდია. კორუფციის მკვლევრები ღიად ამბობენ, რომ ბოლო 1 თვეში არსებობდა შუამავალი, რომელიც ახლა თითქმის 3 მილიონ დოლარს არაფერში მიიღებს.

რიყის დოქების საბოლოო მფლობელი თურქი ბიზნესმენი ემინ უჩარია. ის წლებია საქართველოში ქონებას აგროვებს, ოღონდ "ოსისიარპის" გამოძიების მიხედვით, სავარაუდოდ, ის ნახიჩევანის ლიდერების ინტერესებით მოქმედებს და რეალურად ავტორიტარი თალიბოვების წარმომადგენელია. კერძო კომპანიებს შორის გარიგება შედგა, მაგრამ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს არის სქემა, რომელშიც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების ხელი ურევია.

მაქინაციები რიყის დოქებით? - დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები