ბოკუჩავა: კორპუსის დაცვამ მითხრა, ვატყობ, რამდენიმე მანქანა მუდმივად მორიგეობსო

09.06.25 21:53
ბოკუჩავა: კორპუსის დაცვამ მითხრა, ვატყობ, რამდენიმე მანქანა მუდმივად მორიგეობსო

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე "ტვ პირველის" ეთერში კოტე იოსელიანის გატაცების საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრობს - როგორც თინა ბოკუჩავა ამბობს, დღეს მისი კორპუსის დაცვამ უთხრა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მანქანა მუდმივად მორიგეობდა. 

მოცემული გარემოება ოპოზიციონერ პოლიტიკოს უჩენს ეჭვს, რომ მისი მეუღლის გატაცების საქმე მრავალი კვირის განმავლობაში იგეგმებოდა. 

ამასთან, თინა ბოკუჩავა გამოძიებას სრულ უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ "სიმართლის დადგენის და დამნაშავეების დასჯის" მოლოდინი არ აქვს. 

ამის (თვალთვალის) მსხვერპლი ბევრი ადამიანი გამხდარა. ნიკა გვარამიას ოჯახის თვალთვალით დაწყებული სხვა ოჯახებით დამთავრებული. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ოპოზიციონერ ლიდერს უთვალთვალებენ. ჩვენი პირადი ცხოვრება დაცული არ არის. დღეს ჩვენი კორპუსის დაცვამ მითხრა, რომ ვატყობ, რამდენიმე მანქანა მუდმივად მორიგეობსო. სავარაუდოდ, ისინი ამ ჩასაფრებისთვის მრავალი კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ. არც მე მქონია იმის ილუზია, რომ თვალთვალის ქვეშ არ ვარ. დაცვას არაფერი დაუნახავს (კოტე იოსელიანის გატაცების საქმეზე)... სრულად და აბსოლუტურად გამოვრიცხავ იმას, რომ გამოძიებამ სიმართლე დაადგინოს და დამნაშავეები დასაჯოს" - განაცხადა თინა ბოკუჩავა. 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გავრცელებულ ვიდეოს თაობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ კოტე იოსელიანს ბოდიშის ვიდეოს ჩაწერა და ატვირთვა სწორედ მისმა გამტაცებლებმა მოსთხოვეს.

კოტეს ვიდეო ჩაწერილია იმ შენობაში, სადაც ის გამტაცებლებმა გატაცების შემდეგ მიიყვანეს [...] ვიდეო იქვე აატვირთინეს. ამაზე აქცენტი იყო [...] კოტეს Facebook-ის გვერდის გამოყენებით, ეს ვიდეო თავად ამ პირებმა ატვირთეს [...]

როგორც კოტემ მითხრა, მისი გამტაცებლებისგან მოთხოვნა იყო, რომ მას ეს ვიდეო ჩაეწერა და აეტვირთა, რაზეც ჩემმა ქმარმა უპასუხა, რომ ამ ფაქტზე ბოდიში უკვე მოხდილი ჰქონდა [...] თუმცა, მათ დაჟინებული მოთხოვნა ჰქონდათ, ეს განმეორებით ექნა - კონკრეტული ვიდეო, კონკრეტული ტექსტი, რომელიც დაწერეს და თვითონ მიაწოდეს". - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

დღეს, 9 ივნისს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სკანდალური განცხადება გააკეთა - მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის მოხდის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.

ბოკუჩავა დეტალურად ჰყვება, როგორ მოხდა კოტე იოსელიანის გატაცება და შემდეგ მასზე ფსიქოლოგიური წეზოლის განხორციელება. ენმ-ის ლიდერის თქმით, იოსელიანი გატაცების შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისი ქმრის „ძალადობრივი გატაცების მიზეზი“ მისი გაჩუმებაა.

8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის.

ვიდეომიმართვაში იოსელიანი ამბობს: "რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი". 

მსგავსი სიახლეები