"ლეგიტიმაციის იმიტაცია" - ოპოზიცია კობახიძის მილანში ვიზიტზე

10.06.25 14:14
"ლეგიტიმაციის იმიტაცია" - ოპოზიცია კობახიძის მილანში ვიზიტზე

"ლეგიტიმაციის იმიტაცია" - ასეთია ოპოზიციის შეფასება მილანში, საკონსულოს გახსნის ცერემონიალზე ირაკლი კობახიძისა და "ქართული ოცნების" მთავრობის წევრების გამგზავრების ფაქტზე.

მათივე შეფასებით, ერთი საკონსულოს ოთახის გასახნელად ირაკლი კობახიძე იტალიაში, პრაქტიკულად, მთელ მის მთავრობასთან ერთად გაემზავრა. 

ქართული ოცნების ლიდერების ვიზიტის შესახებ განცხადება კობახიძის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა.

  • ირკვევა, რომ საკონსულოს გასახსნელად მილანში "ქართული ოცნების" თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა  და კულტურის მინიტრებიც საგანგებოდ გაემგზავრნენ.
  • განცხადებაში არაფერია წერია, შეხვდება თუ არა ივანიშვილის დელეგაცია პარტნიორებს.

ოპოზიცია კი პირდაპირ ამბობს, რომ ეს ბიუჯეტის ხარჯზე  კობახიძის და მისი გუნდის მილანში გასეირნებაა. 

რა თქმა უნდა, საკონსულოების გახსნა არის ძალიან დიდი ფარსის შემცველი რამ, იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის დიდ უმრავლესობას, იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს არ აძლევენ ხმის მიცემის საშუალებას. მთელი მთავრობა მიემგზავრება იტალიაში იმ მიზნით, რომ შექმნას ნორმალიზების სურათი, იმ ნორმალიზების, რომელსაც ხელისუფლება ვერ აღწევს, რეალურად, ვერცერთგან მსოფლიო მასშტაბით მარტივი მიზეზით, რომ ამ ხელისუფლებასთან, რომელმაც მოიპარა არჩევნები და გაყიდა ქართველი ხალხის გეოპოლიტიკურ არჩევანი, არცერთ ცივილიზებულ, დემოკრატიულ მთავრობას არ სურს პირდაპირი კავშირების ქონა, - ამბობს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია. 

ამავე აზრს იზიარებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძეც. ოპოზიციონერის თქმით, ამ ვიზიტს "ოცნება" პროპაგანდისთვის იყენებს. 

სანიკიძე ამბობს, რომ კობახიძს გუნდის ყველა მცდელობა, ლეგიტიმაცია შესძინონ მათ ხელისუფლებას, უშედეგო იქნება, რადგან ცივილიზებული დასავლეთი ერთპარტიულ პარლამენტს, როგორც დემოკრატიულ ინსტიტუტს არასდროს აღიარებს. 

ეს ვიზიტი თავიდან ბოლომდე არის პროპაგანდისთვის შექმნილი იქიდან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნება“ არის უმწვავეს საერთაშორისო კრიზისში, საერთაშორისო იზოლაციაში და ყველაფერს აკეთებენ, რომ ოღონდ ვინმეს, სადღაც, დასავლეთში ხელი ჩამოართვან. ეჭვ მეპარება, რომ ჰქონდეს მაღალი დონის შეხვედრები, იმიტომ, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მათ, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას არ აღიარებენ. ამ ლეგიტიმაციას ვერ მიიღებენ. ერთპარტიულ პარლამენტს არავინ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიდან არ აღიარებს როგორც დემოკრატიულ ინსტიტუტს. ქედან გამომდინარე, კობახიძის ყველა მცდელობა არის მიმართული, რომ რაღაცნაირად შეამსუბუქოს ის წნეხი, რომელიც საერთაშორისო სანქციებით მის გუნდზე არის დაწესებული, - ამბობს ლევან სანიკიძე. 

საპირისპიროს ამტკიცებს "ქართული ოცნება". შალვა პაპუაშილი ირწმუნება, რომ მათ ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს. ამასვე ამტკიცებენ ივანიშვილის გუნდის სხვა ლიდერებიც. 

მსგავსი სიახლეები