დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო - "ძლიერი საქართველოს" ბრიფინგი

11.06.25 12:19
დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო - "ძლიერი საქართველოს" ბრიფინგი

ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს გაუქმებას "ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგით ეხმიანება. ნინო ქათამაძემ დღეს იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვება.

ოპოზიციის წევრი "ოცნებას" მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მოხდეს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს აღდგენა. მისი თქმით, ის არა თუ უნდა შესუსტდეს, არამედ ინკლუზიის უზრუნველყოფა უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს. 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აუქმებს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს, შესაბამისად, უქმდება როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი, განათლების ყველა საფეხურზე ინკლუზიური განათლების სისტემის მიმართულების მიმცემი მაკოორდინირებელი რგოლი.  მიღებული გადაწყვეტილება უარყოფითად იმოქმედებს შშმ ბავშვის/ მოსწავლის/:სტუდენტის განათლების რეალიზაციის პროცესზე, გაუარესდება მათი მდგომარეობა და საფრთხე შეექმნება ინკლუზიური განათლების არსებობას. ვფიქრობთ, დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო, არათუ შესუსტდეს, არამედ უნდა მოხდეს უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე ინკლუზიის უზრუნველყოფა. გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს შშმ თემის, მშობელთა და პროფესიონალთა ჩართულობით. არაფერი ჩვენზე ჩვენ გარეშე!, - თქვა ნინო ქათამაძემ. 

ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს გაუქმებას პოლიტიკური გადაწყვეტილებას უწოდებს ვატო სურგულაძე. მისი თქმიტ, მსგავსი გადაწყვეტილებებით ქვეყანა საბჭოთა კავშირში ბრუნდება, სადაც სპეც-ინტერნატები, სპეც-სკოლები და გეტოები არსებობდა.

რა მოხდა?! ვითომ სამმართველო გააუქმეს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის გადაწყვეტილება, რომ ინკლუზიური  სწავლება ჩვენი ძალიან ბევრი ბავშვისთვის, აღარ არის პრიორიტეტი. ნაცვლად იმისა, რომ დეპარტამენტი და ცალკე მიმართულება გამოიყოს, ეგრეთ წოდებული სამინისტრო,  აპირებს საერთოდ გაუქმებას. მშობლებს შევხვდი და მეკითხებიან, ინკლუზიურ სწავლებაში ჩართულ ბავშვებს სექტემბერში ასისტენტები ეყოლებათო?! აი, ეს გამოიწვია ამ აბსოლუტურად უგუნურმა გადაწყვეტილებამ! ეს ხალხი არ საჭიროებს ვიღაცის შეცოდებას ან მოწყალებას! ისინი სრულყოფილად უნდა იყვნენ ჩართულები ყველა პროცესში როგორც ქვეყნის მართვის, ბიზნესში, ხელოვნებაში. ამიტომაც, კიდევ ერთხელ, არ მოვუწოდებთ ამ სამინისტროს, არ მიმაჩნია, რომ ის ლეგიტიმურია, უბრალოდ, მოსახლეობას ვაფრთხილებ, ასე ჩვენ მივალთ საბჭოთა კავშირში, დავუბრუნდებით სპეც-ინტერნატებს, სპეც-სკოლებს და გეტოებს, როგორიც იყო კომუნისტების დროს ფონიჭალაში უსინათლოთა დასახლება. არ გვინდა საბჭოთა კავშირი, - თქვა ვატო სურგულაძემ. 

მსგავსი სიახლეები