შეხვედრების მიზანი რუსული რეჟიმის დამარცხებაა - "ძლიერი საქართველოს" ლიდერებსა და ზურაბიშვილის შორის აუდიენცია დასრულდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსა და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა - სალომე ზურაბიშვილის ოფისიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ მედიასთან დაასახელა ის საკითხები, რაზეც მხარეებმა დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს.
პოლიტიკური გაერთიანების ლიდერის განცხადებით, "აქტიურად მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა სტრატეგიაზე", რომელიც მამუკა ხაზარაძის განმარტებითვე, პოლიტიკურ ცხოვრებასა და არჩევნებს უკავშირდება.
მისივე თქმით, ამ შეხვედრების მიზანი ერთობის აღდგენაა, რომელიც საქართველოში "რუსული რეჟიმის" დამარცხებას შეძლებს.
ბოლო ერთი კვირაა, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა სტრატეგიაზე პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების, არჩევნებთან დაკავშირებით, თუ ა.შ.. ჩვენ ინტენსიური შეხვედრები გვაქვს ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. გუშინ ჩვენ შევხვდით ჩვენი პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების ჯგუფებს. შევხვდით რუსთაველის აქტივისტებს, ექსპერტებს, ჩვენს რეგიონულ წარმომადგენელს. დღეს ჩვენივე თხოვნით შევხვდით პრეზიდენტს.
მინდა დავადასტურო, რომ ამ შეხვედრების მიზანი არის, რომ აღდგეს ძლიერი ერთობა, რომ ერთიანი სტრატეგიით, პოლიტიკური ცხოვრებით და სწორი პოლიტიკით დავამარცხოთ რუსული რეჟიმი საქართველოში. ჩვენი საუბარი ეხებოდა ამ ერთობის აღდგენას და განმტკიცებას. მე ვხედავ რესურსს ერთობის აღდგენის. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა არის გამარჯვების ფორმულა. აზრები უნდა შეჯერდეს და აღდეს ერთობლივი პლატფორმა". - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.