ვესაუბრეთ კაია კალასის და მარტა კოსის აპარატის წევრებს... გავაცანით პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გეგმა - ბოკუჩავა
ქართული ოპოზიცია ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრებს აგრძელებს - "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა დღეს აუდიენცია საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის აპარატის წევრებთან გამართეს.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ოპონენტები ბრიუსელში გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის აპარატის წევრებსაც შეხვდნენ. მისივე განმარტებით, ქართულმა ოპოზიციამ ევროპელ კოლეგებს ის დოკუმენტი გადასცეს, სადაც პუნქტობრივად არის გაწერილი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გეგმა.
ამასთან, "ევროსკოპის" რედაქტორი, თამარ ნუცუბიძე ბრიუსელიდან იტყობინება, რომ სალომე სამადაშვილი, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე დახურულ კარს მიღმა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტის წევრებსაც ესაუბრნენ.
ვართ ბრიუსელის ფორუმზე, რომელიც მაღალი დონის შეკრებაა. კოლეგებს მას შემდეგ შევუერთდით, რაც მოვუსმინეთ, ვესაუბრეთ კაია კალასს და გადავეცით მას დოკუმენტი გამოსავალზე დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან. შემდეგ კოლეგებს შევუერთდით შეხვედრებზე და ასევე გადავეცით მისი აპარატის წევრებს, ასევე მარტა კოსის აპარატის წევრებს, გამოსავლის დოკუმენტი. რაში მდგომარეობს გამოსავალი?! ეს არის ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ეს არის ის, რაც აერთიანებთ დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს საქართველოში და მნიშვნელოვანია ეს ერთიანი გზავნილი საქართველოს მეგობრებისთვის, ბრიუსელშიც". - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.