რატომ აღარ უნდათ ინვესტორებს საქართველოში ფულის ჩადება?
რატომ აღარ უნდათ ინვესტორებს საქართველოში ფულის ჩადება? ამ კითხვას პასუხს "ფითჩ სოლუშენსის" კვლევამ გასცა პასუხი. გავლენიანი ორგანიზაცია საქართველოში საინვესტიციო რისკებს აფასებს.
დოკუმენტში წერია, რომ ეკონომიკის რისკები მთლიანად პოლიტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, რადგან მკვლევარების შეფასებით, მთავრობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, რუსეთს უახლოვდება და შესაბამისად, ქვეყანას ევროპის მხრიდან სანქციების რისკის წინაშე აყენებს. ფითჩ სოლუშენსი წერს, რომ ინვესტიციები ევროკავშირიდან ამ ფონზე მცირდება.
ის, რა რისკებსაც გავლენიანი ორგანიზაცია ხედავს, საქართველოსთვის უკვე რეალობად იქცა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში რეკორდულად დაბალი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. თუ პანდემიის წლებს გამოვრიცხავთ, ბოლო 15 წლის განმავლობაში წელს ისტორიულად ინვესტიციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. პირველ კვარტალში მხოლოდ 179 მლნ დოლარი. ეკონომისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს სანქციების, იზოლაციის და ქართული ოცნების პოლიტიკის დამსახურებაა.