ხმაური გიორგი ახობაძის პროცესზე - მოსამართლემ სხდომა დახურა, დარბაზიდან გაუშვეს მედიაც
ხმაური გიორგი ახობაძის პროცესზე - მოსამართლემ სხდომა ისე დახურა, რომ ამის შესახებ შუამდგლომლობა პროკურატურასაც კი არ დაუყენებია.
მანამდე დარბაზიდან გააძევეს დაკავებული მედიკოსის მხარდამჭერი აქტივისტები და მედია.
რატომ უშვებდნენ ჟურნალისტებს პროცესიდან ამ კითხვაზე პასუხი ჟურნალისტებმა ვერ მიიღეს.
სანამ პროცესს დახურავდნენ, დაკავებულმა ახობაძემ მის წინააღმდეგ ციხეში მოწყობილ რეპრესიებსზე ისაუბრა.
ახობაძე ამბობს, რომ ჩამოართვეს რვეული, რომელშიც მოწმეების ჩვენებებიდან ინფორმაციებს ინიშნავდა, ასევე, სხვადასხვა წარწერას აკეთებდა პროცესზე.
ბრალდებული ეჭვობს, რომ ეს უკავშირდება მის მიერ წარწერების გაკეთებას, ან გუშინ პროცესზე იმ პიროვნების ვინაობის დასახელებას, რომელმაც მისი თქმით, ნარკოტიკი ჩაუდო.
როგორც ყველა სხვა სასამართლო სხდომაზე, იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე იბნეოდა და პასუხის გაცემა უჭირდა, პროკურორი აწვდიდა პასუხებს, - თქვა დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის ადვოკატმა, მარიამ მაძღარაშვილმა.
ადვოკატის თქმით, დღევანდელმა მოწმემ პროცესზე უამრავი სიცრუე ილაპარაკა, რასაც ბრალდებული არ ეთანხმებოდა.
“დღეს დაიკითხა კიდევ ერთი მოწმე პოლიციელი, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ამ საქმეში პოლიციელების გარდა, სხვა მოწმეები არც არიან. აბსოლუტურად იდენტურ ჩვენებას გვაძლევდა, რასაც ყველა სხვა პოლიციელი, არაფერი განსხვავებული არ ყოფილა, თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა პროცესზე, სადაც მოწმეები იკითხებოდნენ, იმ შემთხვევაში, როდესაც ვსვამდით ისტორიიდან გადახვეულ კითხვებს, ამაზე პასუხი არ ჰქონდათ და მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ პასუხი არ გაეცათ ჩვენთვის.
რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სიცრუე თქვა, რასაც გიორგი არ ეთანხმებოდა, მათ შორის, ძალიან ბევრი ალოგიკური პასუხი გაგვცა, რაც შეუძლებელია, რომ სიმართლე იყოს იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ ლოგიკაში არ ჯდება. პასუხები არ ჰქონდათ ისეთ მარტივ რაღაცებზე, როგორიც არის, მაგალითად, რას აკეთებდა გიორგი ახობაძე, როდესაც, ვითომ და, გაჩერებული იყო სანაპიროზე - ამაზე პასუხი არცერთ პოლიციელს არ აქვს, როგორც ჩანს, არ არიან ამაზე წინასწარ შეთანხმებული.
გარდა ამისა, როგორც ყველა სხვა სასამართლო სხდომაზე, იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე იბნეოდა და პასუხის გაცემა უჭირდა, პროკურორი აწვდიდა პასუხებს”, - აღნიშნა მაძღარაშვილმა.