ევიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე - პაველ ჰერჩინსკი ტუსკის განცხადებაზე პირველ კომენტარს აკეთებს
"სამწუხაროდ, ბოლო წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაში ვითარება არ არის სახარბიელო"- განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა გააკეთა.
პაველ ჰერჩინსკიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა დიპლომატს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასება სთხოვა.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, "ურთიერთობა ახლა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა" და მიმდინარეობს სერიოზული განხილვა იმაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ევროკავშირმა იმ ქმედებების, გადაწყვეტილებებისა და კანონმდებლობის პასუხად, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, რაც დიპლომატის განცხადებით, "ქვეყანას ევროპიდან აშორებს".
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოსა და ევროპულ კავშირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროპის ქვეყნებში. ასევე, შევთავაზეთ თავისუფალი ვაჭრობის სივრცე. სამი წლის წინ საქართველომ ოფიციალურად გააკეთა განაცხადი კანდიდატის სტატუსზე, და 2022 წელს ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაში ვითარება არ არის სახარბიელო. მე ძალიან ღიად ვეუბნებოდი ქართველებს, რომ ურთიერთობა ახლა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და მიმდინარეობს სერიოზული განხილვა იმაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ევროკავშირმა იმ ქმედებების, გადაწყვეტილებებისა და კანონმდებლობის პასუხად, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს — რაც ქვეყანას ევროპიდან აშორებს.
დღეს დგას კითხვა - იმსახურებს თუ არა საქართველო კვლავ იმ განსაკუთრებულ ურთიერთობას, რაც მან დღემდე გააჩნდა ევროკავშირთან. წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს მსჯელობა შესაძლო ნაბიჯებზე, მათ შორის ერთ-ერთი იდეა არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ამ გადაწყვეტილებისთვის საჭიროა წევრი ქვეყნების ორი მესამედის თანხმობა, და ეს მსჯელობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
რაც ახლა ისმის არის ამ დისკუსიის მხოლოდ ერთი ხმა. ამ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ განხორციელებულა, და უნდა ითქვას, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია ძალიან მარტივი მიზეზის გამო - არ სურთ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გადაიხადონ ფასი იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ უვიზო მიმოსვლა შევზღუდოთ მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელთათვის და არა რიგითი მოქალაქეებისთვის. თუმცა, მსჯელობა გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მაინც წევრ სახელმწიფოებზე იქნება დამოკიდებული.
ამ ეტაპზე, გთხოვთ იყოთ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა ევროკავშირში. შეზღუდვა ეხებათ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს - დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს, რომლებიც ევროკავშირში შესასვლელად ვიზას საჭიროებენ"- თქვა ელჩმა.