უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე - კობახიძე არ ამბობს, რა გეგმა აქვს "ოცნებას"
რას აპირებს "ქართული ოცნება" იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არ დაკარგოს? - პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ ირაკლი კობახიძე მედიასთან გამოჩნდა, თუმცა მან ამ საფრთხეზე არ ისაუბრა.
"ქართული ოცნების" პრემიერს არ უთქვამს, ექნება თუ არა რაიმე სახის მცდელობა, საფრთხე მინიმალურ ნიშნულზე დაიყვანოს.
კობახიძემ დღეს იმედი გამოთქვა, რომ "მომავალში დამოკიდებულება შეიცვლება".
ირაკლი კობახიძემ დონალდ ტუსკის განცხადებას მუქარა და შანტაჟი უწოდა.
„მე იმედი მაქვს, რომ მომავალში დამოკიდებულება შეიცვლება. არ შეიძლება ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი შარშან, მან მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას ქვეყანაში, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს ეს არჩევანი, მას ყველამ პატივი უნდა სცეს და აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართველი ხალხის მიმართ.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის შანტაჟი, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში, თუმცა, რეალურად, ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა ასეც და ისეც, ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“, - თქვა მან.
დონალდ ტუსკმა 11 ივნისს, პოლონეთის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს შესახებაც ილაპარაკა და თქვა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის ქვეყნებთან ლობირებს, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს.