ანა წითლიძე: პოლონეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირში და მათი მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის ლობირება ნიშნავს იმას, რომ ამან შეიძლება სერიოზული სახე მიიღოს
პოლონეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირში და მათი მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის ლობირება ნიშნავს იმას, რომ ამან შეიძლება სერიოზული სახე მიიღოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
წითლიძე პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დონალდ ტუსკმა სსაქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ისაუბრა.
წითლიძის თქმით, ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება ქართველი ხალხისთვის ცუდია და მასზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს.
„ის, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის პოლონეთი, რომელიც არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა და ამდენი წელია მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საუბრობენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, ცხადია ეს არის მხოლოდ და მხოლოდ “ოცნების” პასუხისმგებლობა. ეს არის “ოცნების” საგარეო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა დააშოროს ევროპას, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ლანძღვასა და ქვეყნის იზოლაციაზე. საბოლოოდ, ეს მოიტანს იმას, რომ საქართველო იქნება მარტო ყველა იმ სიკეთის გარეშე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის გარეშე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ევროპელებისგან. უნდა გვესმოდეს, რომ პოლონეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირში და ამ საკითხის მათი მხრიდან ლობირება ნიშნავს იმას, რომ ამან შეიძლება სერიოზული სახე მიიღოს. ის, რომ ამაზე დისკუსია მიმდინარეობს უკვე არის ძალიან ცუდი ქართველი ხალხისთვის, მაგრამ პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება “ოცნებას” და ივანიშვილს,” - განაცხადა ანა წითლიძემ.