ვეფხია კასრაძე მოწმეს: თქვენ იცით, რომ თქვენი ინფორმატორის ცრუ ინფორმაციის წყალობით 6 თვეა ციხეში ვარ გამოკეტილი და ოჯახი გამიმწარეთ?!
"თქვენ იცით, რომ თქვენი ინფორმატორის ცრუ ინფორმაციის წყალობით 6 თვეა ციხეში ვარ გამოკეტილი და ოჯახი გამიმწარეთ?!" - ასე მიმართა სასამართლო პროცესზე პროკურატურის მოწმეს ვეფხია კასრაძემ.
განცხადება სინდისის პატიმარმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პროკურატურის მოწმე ზურაბ ჯღარკავამ გამოკითხვისას თქვა, რომ 4 დეკემბერს პირადმა კონტაქტმა, რომელსაც „ენდობა" გადასცა ინფორმაცია, რომ „ზვიად ცეცხლაძე და სხვა პირები ორგანიზებას აწყობენ აგრესიული მომიტინგეების უკანონო ქმედებების.
მისივე მტკიცებით, ინფორმატორმა უთხრა ისიც, რომ ამჟამად დაკავებულები სახლში კანონსაწინააღმდეგო ნივთებსა და ნივთიერებებს ინახავდნენ.
ზურაბ ჯღარკავა იქვე ადასტურებს, რომ არ დაინტერესებულა, გაერკვია როგორ მოიპოვა ინფორმატორმა ინფორმაცია.
- „ახლა აღარ მახსოვს, ვისზე რა მითხრა [ინფორმატორმა] კონკრეტულად, 6 თვე გავიდა. ერთი თვის წინ, სამი კვირის წინ რომ გეკითხათ, გეტყოდით“, - უპასუხა მოწმემ ადვოკატებს.
იცით თუ არა, რომ თქვენი იმ ე.წ. ინფორმატორის ცრუ ჩვენებაზე მე 6 თვეა ციხეში ვარ გამოკეტილი, უსამართლოდ და თქვენ მე ოჯახი გამიმწარეთ, იცით თქვენს ეს? და გრძნობთ ამის პასუხისმგებლობას?
ძალიან მალე დაჯდებით ჩემს ადგილზე და პასუხს აგებთ ყველაფერზე“, - მიმართა ვეფხვია კასრაძემ მოწმე პოლიციელს.
„დაელოდეთ, ხომ თქვით, რომ მანდ დავჯდები და ნახავთ“, - უპასუხა ზურაბ ჯღარკავამ პატიმარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში ბრალებული 8 პირის (ირაკლი მიმინოშვილის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, ვასილ კაძელაშვილის, თორნიკე გოშაძის) საქმის განხილვა გრძელდება.