საიდან იცის წილოსანმა წინასწარ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო? - ნანუკა ჟორჟოლიანი

12.06.25 15:22
საიდან იცის წილოსანმა წინასწარ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო? - ნანუკა ჟორჟოლიანი

საიდან იცის წილოსანმა წინასწარ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო? - ამის შესახებ ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა "პირველებთან" განაცხადა. 

  • ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, "ოცნების" წევრმა ნინო წილოსანმა თქვა, რომ "არავის დაიჭერენ".

ჟორჟოლიანი საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც წუთი წუთზე მისი პროცესი უნდა დაიწყოს. 

  • ნანუკა ჟორჟოლიანი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სასამართლოში "ოცნების" წევრის მიმართ დაწერილი კრიტიკული სტატუსის გამო დაიბარეს. 

გახსოვთ ერთი პერიოდი ჯარიმების ისტერიკა რომ იყო, საბოლოო ჯამში რუსთაველზე მივიღეთ ძალიან ლამაზი კარნავალი. დღეს ყველამ ნახა გამოსავალი და ლამაზი ნიღბებით დადიან. გამოსავალს ყოველთვის ვიპოვით, შეიძლება მოვიფქიროთ სხვა სმაილი. ეს ხომ სიგიჟეა, ამაში ხომ არ უნდა შეყვე. აქვე მინდა განახოთ ვინ გვიჩივის - დიმიტრი სამხარაძე - აქტივისტებს ურეკავდა უწმაწური სიტყვებით და ესენი გვეუბნებიან, რომ უწმაწური სიტყვები არ მოსწონთ. გასაგებია, რომ ეს დიტო სამხარაძემ მაშინ ჩაწერა, როცა ეს კანონი მიღებული არ იყო, მაგრამ ეს ხომ მათი მორალია? ჩვენ ხომ ყაველაშვილი იმით დაგვამახსოვრდა პარლამენტში, რომ დაიგინა პარლამენტში - ეს ხომ მათი მორალია? და თეა წულუკიანი 2019 წელს ხომ გვეუბნებოდა, უწმაწური სიტყვები რომ აიკრძალოს ყველა ციხეში წავალთო. წილოსანმა წინასწარ იცის დაგვაჯარიმებენ თუ დაგვიჭერენ? თავისუფალი სასამართლოს პირობებში, წილოსანმა საიდან გაიგო, ჩვენ რას მოგვისჯიან?", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

 

 

ნინო წილოსანმა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე თქვა, რომ "არავის დაიჭერენ".

"ამისთვის არის ადმინისტრაციული ჯარიმა", - აცხადებს წილოსანი. 

„მგონია, რომ ეს იყო სამაგალითო იმისთვის, რომ სხვისი შეურაცხყოფა, ცილისწამებები, ბრალდებები და მათ შორის, ასეთი ზიზღის კამპანია, რომლისთვისაც ისინი დაფინანსებული არიან, [მიუღებელია]…არავის არ დაიჭერენ – ამისთვის არის ადმინისტრაციული ჯარიმა. ჩემზე წარმოდგენა [სასამართლოში დაბარებულ ადამიანებს] არ უნდა შეეცვალოთ. რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფლება იფიქრონ ისე, როგორც ფიქრობენ, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს კორექტული და კრიტიკის ფორმა და არა შეურაცხყოფის.

როდესაც ადამიანის შეურაცხყოფას და ზიზღის გენერირებას ახდენ, აუცილებლად უნდა იცოდე, რა კანონი მოქმედებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც”. – თქვა ნინო წილოსანმა.

 

 

რა სახის სახდელს მოითხოვს შსს ნანუკა ჟროჟოლიანის მიმართ, ამის შესახებ სასამართლოში მისული გამომძიებელი არ საუბრობს და არ ამბობს, იქნება თუ არა ეს ჯარიმა, როგორც "ოცნების" წევრმა, ნინო წილოსანმა წინასწარ დააანონსა. 

  • ცნობისთვის, დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტი დაიბარეს. ყველა მათგანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისათვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

ამ სარჩელებს წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კირცხალიას 6 ივნისს გაკეთებული განცხადება, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“.

ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო ედავებიან 173-ე16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

მსგავსი სიახლეები