ბოლო კომუნიკაციის დროს თაზომ გვითხრა, რომ სარდაფში სასტიკად ნაცემი ჩაკეტეს - სიორიძე
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე "ტვ პირველის" ეთერში მისი თანაგუნდელის, თაზო დათუნაშვილის შესაძლო დაკავების ახალ დეტალებს ყვება - გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ბოლო კომუნიკაციის შემდეგ დადგინდა, რომ თაზო დათუნაშვილი სასტიკად ნაცემია და საქალაქო სასამართლოს სარდაფშია ჩაკეტილი.
იქამდე, ვიდრე დათუნაშვილს სარდაფში გამოკეტავდნენ, გიორგი სიორიძის თქმით, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურებმა "შეათრიეს", ყელზე ხელს უჭერდნენ და წიხლებს ურტყამდნენ.
გიორგი სიორიძე ამბობს, რომ თაზო დათუნაშვილის დასახმარებლად მისულს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა ფიზიკურად მასზეც იძალადეს.
ჯერ კიდევ ფოიეში ვიყავი, როდესაც დავინახე, როგორ შემოათრიეს თაზო დათუნაშვილი მანდატურებმა. ყელზე ჰქონდათ წაჭერილი, წიხლებს ურტყამდნენ. გამოსარჩლებისთვის მივედი, მეც დამესივნენ. იყვნენ ძალიან აგრესიულები, იგინებოდნენ. ბოლო კადრი, რაც დავინახე, იყო ის, რომ თაზო სარდაფისკენ წაიყვანეს, მე ძალის გამოყენებით გამომაგდეს გარეთ. იყო ფიზიკური ძალადობა. მე პატარა ნაკაწრი მაქვს, მაგრამ ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც თაზოს უქნეს. ბოლო კომუნიკაცია როდესაც შედგა, თაზომ გვითხრა, რომ სასტიკად ნაცემი იყო, იყო სარდაფში ჩაკეტილი. რამდენადაც ვიცი, ის კვლავ საქალაქოში უნდა იყოს". - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
მათე დევიძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სავარაუდოდ, თაზო დათუნაშვილი დააკავეს. ვიდეოკადრებში, რომელსაც "პუბლიკა" ავრცელებს, ჩანს, როგორ შეიყვანეს ის მანდატურებმა შენობაში ძალის გამოყენებით.