მათე დევიძე დღეს არის თავისუფლებისთვის, სიმართლისა და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლო - ბადრი ჯაფარიძე

12.06.25 21:22
მათე დევიძე დღეს არის თავისუფლებისთვის, სიმართლისა და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლო - ბადრი ჯაფარიძე

მათე დევიძე დღეს არის თავისუფლებისთვის, სიმართლისა და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლო -  კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მათე დევიძისადმი გამოტანილ განაჩენს უსამართლოს უწოდებს.

ოპოზიციონერი პოილიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნება“ სასამართლოს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფალი მომავლის მხარდამჭერი, გულანთებული პროტესტანტების დასაშინებლად იყენებს.

მათე დღეს არის თავისუფლებისთვის, სიმართლისა და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლო - წერს ბადრი ჯაფარიძე.

თავისუფლება მათეს დევიძეს! 
თავისუფლებისთვის მებრძოლი 21 წლის მათე დევიძე დღეს აღარ არის მხოლოდ ახალგაზრდა, რომელსაც უსამართლოდ მიუსაჯეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა, არამედ ის არის უსამართლო რეჟიმის მიერ სამაგალითოდ დასჯილი, ავტორიტარიზმთან შეურიგებელი ახალგაზრდა თაობის გამორჩეული წარმომადგენელი! 
ეს სრულიად შეუფერებელი სასჯელი, თავისი სიმკაცრით კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ „ქართული ოცნება“ ფეხქვეშ თელავს კანონს 
და თავის სასამართლოს იყენებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფალი მომავლის მხარდამჭერი, გულანთებული პროტესტანტების დასაშინებლად.
თუმცა, ამ ბრუტალურობით, ამ სისასტიკით „ქართული ოცნება“ ვერ გატეხავს ქართველი ახალგაზრდებისა და ქართული საზოგადოების შეუდრეკელ სულს!
მათე დღეს არის თავისუფლებისთვის, სიმართლისა და ადამიანური ღირსებისთვის ბრძოლის სიმბოლო. მისმა გაუტეხლობამ კი ის სინათლე შემოიტანა ქართულ საზოგადოებაში, რომელსაც საკნის კედლები ვერ დააბნელებს!"- წერს ბადრი ჯაფარიძე. 

21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. 

სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან თქვა, რომ "გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია" და სხდომა დატოვა.

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები