ხვალინდელ პროცესზე არ ვიქნები - გვარამია
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას არ აპირებს - აღნიშნულის შესახებ განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.
- პროცესი 13 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოშია ჩანიშნული.
როგორც ნიკა გვარამიამ დასძინა, დღეს ერთადერთი სათქმელი აქვს - "თავისუფლება საქართველოს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, ძირს ოლიგარქია!".
მე პროცესზე არ ვიქნები, ამიტომ მე იქ არაფერს არ ვიტყვი. ჩემი მთავარი სათქმელია, რომ თავისუფლება საქართველოს, საქართველო არის ევროპა, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, ძირს ოლიგარქია, ოლიგარქია უნდა დაემხოს. ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი. მთელი ცხოვრება ამას ვამბობდით. მგონია, რომ დღეს ნიკა გვარამია და ყველანი, ვისაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ზუსტად ერთი და იგივე რაიმეს ვამბობთ." - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, რომელსაც ვადა 7 ივნისს ამოეწურა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა, რის გამოც არსებობს ვარაუდი, რომ მას ხვალ, 13 ივნისს, დააკავებენ.