მათე დევიძის ციხეში გაშვება გამოკვეთილი მაგალითია, თუ როგორ ებრძვის რეჟიმი ჩვენი შვილების თაობას - ჯაფარიძე

13.06.25 00:04
მათე დევიძის ციხეში გაშვება გამოკვეთილი მაგალითია, თუ როგორ ებრძვის რეჟიმი ჩვენი შვილების თაობას - ჯაფარიძე

მათე დევიძის 4 წლისა და 6 თვის ვადით ციხეში გაშვება გამოკვეთილი მაგალითია იმისა, თუ როგორ ებრძვის ეს რეჟიმი ჩვენი შვილების თაობას, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ახალგაზრდების ციხეში ჩასმა ერთადერთ მიზანს, მოქალაქეების დაშინების მცდელობას ემსახურება. 

ეს არის კიდევ ერთი გამოკვეთილი მაგალითი, თუ როგორ ებრძვის ჩვენი შვილების თაობას ეს რეჟიმი. ამ ახალგაზრდებით ნებისმიერი ხელისუფლება უნდა ამაყობდეს, თუკი ის არის ეროვნული ხელისუფლება და მართლაც ხალხის ინტერესებს გამოხატავს. ეს ახალგაზრდები მოქმედებენ სამშობლოს სიყვარულით. მათეს კადრებზე ვნახეთ, რომ მან დროშის ჯოხი მოიქნია, რომელიც არავის მოხვედრია. ამის გამო ოთხი წლით და 6 თვით ციხეში გაუშვეს. ეს იმიტომ, რომ სხვები დაშინდნენ." - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. 

სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან თქვა, რომ "გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია" და სხდომა დატოვა.

განაჩენს სასამართლოს დარბაზსა და ეზოში შეკრებილები ხმაურით შეხვდნენ.

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები