სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

13.06.25 11:55
სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. 

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.

პროკურორების განმარტებით, შუამდგომლობის მიზეზი გვარამიას მხრიდან მისთვის დაკისრებული გირაოს გადაუხდელობაა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ადვოკატებს სასამართლო პროცესზე არც შესავალი სიტყვა წარმოუთქვამთ და არც მოწმისთვის დაუსვამთ კითხვები.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, ეს იყო ნიკა გვარამიას გადაწყვეტილება.

„ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, ჩვენ არ დაგვიფიქსირებია პოზიცია პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ჩემი პირადი პოზიცია ნიკას პოზიციას ემთხვევა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გუშინ ჩვენ ვნახეთ მოღალატეობრივმა, არაადამიანურმა რეჟიმმა როგორ გაუშვა ციხეში 4,6 წლით 21 წლის პატრიოტი მათე დევიძე, ამ პირობებში ნიკა გვარამიას პატიმრობაზე საუბარი, განხილვა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.

პროკურატურისგან რაიმე განსხვავებულის მოლოდინი არ გვქონია, რადგან სამწუხაროდ, ყველაფერი წინასწარ არის ხოლმე ცნობილი.

ნიკას გადაწყვეტილება იყო და ამის საფუძველზე კითხვები არ გვქონია მოწმესთან. უფრო მეტსაც გეტყვით, ამ საქმეში სამართლებრივი შეფასებაა პრობლემა და არა ფაქტები“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმის პროკურორის, მარი მეშველიანის განცხადებით, პროკურატურა მომდევნო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, სახელმწიფო ბრალდებას გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

მომდევნო სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას, შესაბამისად, სასამართლო მომდევნო სხდომაზე მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას, ეს ჩვენთვის უცნობია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, შესაბამისად, ჩვენ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის მოლოდინი გვაქვს", - განაცხადა პროკურორმა. 

  • სხდომას არ ესწრებოდა ნიკა გვარამია. როგორც ცნობილია, ის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებისკენ მიემართება.

ცნობისთვის, თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, რომელსაც ვადა 7 ივნისს ამოეწურა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა.

შეგახსნებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა. 

მსგავსი სიახლეები