რაც არ უნდა მოუწიოთ გაშიშვლების პრაქტიკის აღიარება, ამ რეჟიმის პირობებში არაფერი გამოსწორდება-ხოშტარია
კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც ამბობდა, რომ დაკავების დროს იზოლატორში სრულად გააშიშვლეს, აცხადებს, რომ დღეს კიდევ ერთხელ დადაასტურდა ის, რაზედაც დაკავებულები ყოველთვის საუბრობდნენ.
ხოშტარიას მოლოდინი არ აქვს, “ამ რეჟიმის პირობებში რამე გამოსწორდება“.
“ამ რეჟიმის პირობებში არაფრის გამოსწორება არ იქნება, რაც არ უნდა მოუწიოთ ამის აღიარება“,- ამბობს ის.
გაშიშვლება იქნება, ცემა თუ სხვადასხვა დამამცირებელი ადამიანის უფლებების გათელვის პრაქტიკა, ეს არის დამახასიათებელი ამ რეჟიმისთვის. ამ რეჟიმის პირობებში არაფრის გამოსწორება არ იქნება, რაც არ უნდა მოუწიოთ ამის აღიარება. ეს ყველამ იცის, ბუნებრივია, ყველას მიმართ იყო ეს პრაქტიკა. ზეწოლა მნიშვნელოვანია, ამასთან შებრძოლება, ხმამაღლა საუბარი, სოლიდარობა ასეთ საკითხებში, მნიშვნელოვანია. თუნდაც, ვიდრე რეჟიმს გადავაგდებთ, თითოეული ადამიანი იყოს დაცული,- განაცხადა ხოშტარიამ.
იუსტიციის სამინისტრო პატიმრების იძულებითი გაშიშვლების პრაქტიკას ადასტურებს - სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე პაატა სალიას უწყებამ დებულებაში ცვლილება შეიტანა.
- კერძოდ, იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს, რომ სადავო ნორმების შესაბამისად, სრული შემოწმებისას, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებული იყო, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაეხადა ან გაეშიშვლებინა სხეულის შესაბამისი ნაწილები.
როგორც ომბუდსმენის აპარატი იტყობინება, სრულად აღმოიფხვრა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხები და სრული შემოწმების მიზნით პატიმრის სხეული მთლიანად გაშიშვლების პრაქტიკა გაუქმებულია.