არ არსებობს წყვდიადი, სადაც შენ სინათლის მოძებნა მოგიწევს, შენნაირი ადამიანები არიან თავად სინათლე - ონისე ცხადაძე მათე დევიძეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 11 სინდისის პატიმრის პროცესი მიმდინარეობს, ონისე ცხადაძემ 21 წლის მათე დევიძეს მიმართა, რომელსაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გუშინ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
სინდისის პატიმარმა ონისე ცხადაძემ ახალგაზრდა გაამხნევა და უთხრა, რომ "არ არსებობს წყვდიადი, სადაც მას სინათლის ძებნა მოუწევს, რადგან ტავად არის სინათლე".
ამასთან აქტივისტის თქმით, ციხეში დიდხანს ყოფნა არ მოუწევთ, რადგან მოვა დრო, როცა დამოუიდებელი სასამართლო ნამდვილად იარსებებს და მაშინ პასუხისგებაში სწორედ ის პროკურორები და მოსამართლეები მიეცემიან, ვინც მსგავს უკანონო ქმედებებს სჩადის.
მე მათეს მინდა მივმართო, არ არსებობს არცერთი წყვდიადი, სადაც შენ სინათლის მოძებნა მოგიწევს, იმიტომ, რომ შენნაირი ადამიანები არიან თავად სინათლე. თქვენ გაანათებთ და ეს ქვეყანა არის თქვენი და თქვენი თანატოლების. 29 წლის ასაკში რომ ამას ვამბობ სამწუხაროა, მაგრამ იმდენი რამე გავიარე თავი 60 წლის მგონია. ამდენი ხანი არ მოგიწევს ციხეში ყოფნა. მოვა დრო, როცა მივიღებთ დამოუკიდებელ სასამართლოს და ყველა მოსამართლე, პროკურორი, ვინც ამაში მონაწილეობას იღებს და ზუსტად იმ მუხლით , რითაც გვასამართლებენ, ორგანიზებული დანაშაულით, დაისჯებიან. ეს მოხდება ასე, - თქვა ონისე ცხადაძემ.