შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს წინააღმდეგ - რას ურჩევს ოპოზიცია "ოცნების" ლიდერს
შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთის საელჩოს წინააღმდეგ - "ქართული ოცნების" წევრი ამტკიცებს, რომ ინგლისის დიპლომატიური უწყება ქვეყანაში პროპაგანდას და ექსტრემიზმს აფინანსებს.
პაპუაშვილს აინტერესებს, რომელ ორგანიზაციებს გადასცემდა ბრიტანეთის საელჩი თანხებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს.
პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე მიმართავს ყველა პირს, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებებთან დაკავშირებით.
- პაპუაშვილის განცხადებას წინ უძღოდა ბრიტანეთის საელჩოს განცხადება, სადაც დიპლომატიური უწყება წერს, რომ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი მათი გრანტები დაიბლოკა.
„ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შემდეგ, გამჟღავნდა, რომ საელჩო აპირებდა ადგილობრივი არჩევნების ჩაშლის გაცხადებული მიზნის მქონე პარტიული პროპაგანდის და ექსტრემისტი პოლიტიკოსების დაფინანსებას, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ეს არ იყო პროპაგანდისა და ექსტრემიზმის დაფინანსების პირველი მცდელობა.
მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს.
ასევე მივმართავ ყველას, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებებთან დაკავშირებით, მომაწოდოთ ეს ინფორმაცია“, - დაწერა სოციალურ ქსელში პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის რიტორიკა დღეს კახა კალაძემაც გააგრძელა.
ფაქტებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ და ეს არ არის რაიმე მოგონილი. უამრავი შემთხვევა არის, როდესაც თანხები შემოდიოდა გარედან, ფინანსდებოდა გარედან და ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია მომხდარიყო და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ფინანსდებოდა გარედან კონკრეტული ქვეყნების და კონკრეტული ინტერესების გათვალისწინებით.
კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ჩვენ ვისმენთ ზოგიერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის, ელჩების მხრიდან შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევას. ეს გვახსოვს არჩევნების დროს და ახლაც არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა კალაძემ.
ქართველი დიპლომატი, "საქართველოს დიპლომატთა კლუბის" წევრი გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ "ოცნებამ" ბრიტანეთის საელჩოზე მიტანილი იერიშის შემდეგ ყველა ნიღაბი ჩამოიხსნა.
ყველანაირი ნიღაბი ჩამოხსნილია და ივანიშვილის ხელისუფლება არის გადაქცეული ტიპიურ მესამე სამყაროს ან კომუნისტური პერიოდის რაღაც წარმონაქმნად, რომლისთვისაც ნებისმიერი მცდელობა დემოკრატიული პროცესის გადამოწმების, თუნდაც დაკვირვების არის საფრთხისშემცველი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის", - ამბობს გიორგი ბადრიძე.
ოპოზიცია კი შალვა პაპუაშვილს შვებულებაში გასვლისკენ მოუწოდებს.
ივანიშვილს ვურჩევ, პაპუაშვილი ნერვების დასაწყნარებლად ერთი კვირა შვებულების სახით შირაქის ველზე საძოვარზე გაუშვას - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი.
არ მინდა, რომ ქართული პოლიტიკა ასეთი ურთიერთობის სფერო იყოს, მაგრამ, როგორც საკუთარ პოზიციას, კურსს და სტატუსს პატივს არ სცემს პაპუაშვილი, მასთან მიახლოებუსლ ვერაფერს ვერ ვიტყვით, ამიტომ, მარტივად ვიტყვი, სანამ ამ ზაფხულის პერიოდში შირაქის ველზე საძოვარზე არ გაუშვებს ამ კაცს ბიძინა ივანიშვილი ცოტა ხანი, რომ ნერვები დაიკოს, მანამდე ამ დღეში იქნება და ამ ისტერიკით იქნება. ვურჩევ ქართულ ოცნებას, ამ კაცის ისტერიკის დასაწყნარებლად, ერთი კვირა შვებულების სახით შირაქის ველზე საძოვარზე წავიდეს და თავის საქმეს მიჰყოს ძირითადს ხელი", - ამბობს თაზო დათუნაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით კი, შალვა პაპუაშვილს განცხადებები მხოლოდ ერთ რამეს - საქართველოში დემოკრატიის დასამარებას ემსახურება.
ამას არ შევეგუებით - ეუბნება ცისკარიშვილი "ოცნების" წევრს.
ბრიტანეთმა თავისი ფული და საბიუჯეტო რესურსები სად და როგორ დახარჯოს მსოფლიოს მასშტაბით იცის გადასარევად. პაპუაშვილის წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დემოკრატია არ უნდა განვითარდეს, ეს ჩვენც კარგად ვიცით და მთელმა მსოფლიომაც, მაგრამ ამ მოცემულობას ჩვენ ვერ შევეგუებით. ამ ადამიანების, მათ შორის ბატონი პაპუაშვილის მიზანია, რომ საქართველოში არ არსებობდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.
- ცნობისთვის, პაპუაშვილსი განცხადებამდე რამდენიემ დღითა დრე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ოცნების" გაურკვევლობის გამო საარჩევნო მონიტორინგის გრანტები გაუქმდა.
- უფრო კონკრეტულად, საელჩო აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო იძულებულია, „გრანტების კანონში“ ცვლილებების შედეგად, გააუქმოს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საარჩევნოდ გამჭვირვალობის ხელშეწყობას.
- დიპლომატიური სამსახური განცხადებაში წერს, რომ "ქართულ ოცნებასთან" განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ „მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული.