ზურაბიშვილი: სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია... ეს "ქართულ ოცნებაში" და მის პირველ წრეში დაძაბულობას, სისუსტეს ქმნის

13.06.25 19:29
ზურაბიშვილი: სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია... ეს "ქართულ ოცნებაში" და მის პირველ წრეში დაძაბულობას, სისუსტეს ქმნის

 

 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "GLOBSEC 2025"-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ სანქციები საჭიროა, რადგან საქართველოსნაირ პატარა ქვეყნებში შეზღუდვები მუშაობს. მე-5 პრეზიდენტმა საკუთარი არგუმენტის განსამტკიცებლად ივანიშვილის გუნდის მაგალითი მოიყვანა და ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" წევრებისთვის სანქციები "უკვე მტკივნეულია".

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ტრიბუნიდან პარტნიორებს მიმართა და ხაზგასმით თქვა, რომ ახლა ქართველ ხალხს "დე ფაქტო არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება" სჭირდება. 

ახლა დე ფაქტო არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება გვჭირდება. ვიცით, რომ ეს დე იურე არაღიარების პოლიტიკა არ გახდება. სწორედ ამიტომ არ მომიხსენიებენ როგორც პრეზიდენტს, არამედ როგორც მეხუთე პრეზიდენტს ან სხვანაირად. ეს ამ ყველაფრის იურიდიული ასპექტებში ნავიგაციის მცდელობაა. მაგრამ რაც ხდება - არაღიარება - ძალიან მნიშვნელოვანია.

ინდივიდუალური ქვეყნების სანქციები ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ შემოიღო, ვინაიდან ევროკავშირს, როგორც ასეთი, კონსენსუსის არარსებობის გამო არ შეუძლია კოლექტიურ სანქციებზე შეთანხმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში სანქციები მუშაობს. საქართველო ირანი არ არის, საქართველო რუსეთი არ არის, საქართველო ჩინეთი არ არის, ასე რომ გარე კონტაქტები სჭირდება. ბიზნესმენებს, თუნდაც მმართველ პარტიასთან იყვნენ დაკავშირებული, მაინც სჭირდებათ გარე კონტაქტები. ასე რომ, ეს მტკივნეულია, მტკივნეულია მათთვის და მმართველ პარტიასა და მის პირველ წრეში დაძაბულობას, სისუსტეს ქმნის და ეს სანქციების მიზანია - არა რადიკალურად შეცვალოს პოლიტიკა, არამედ ეცადოს ბზარები გააჩინოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები