გახარიას გუნდი ცესკოს წინააღმდეგ - ნათია მეზვრიშვილის საგანგებო განცხადება

03.10.21 00:39
გახარიას გუნდი ცესკოს წინააღმდეგ - ნათია მეზვრიშვილის საგანგებო განცხადება

ხმის დათვლის პროცედურას ვიდეო-კამერა ისეთი მანძილიდან იღებს, რომ შეუძლებელია ბიულეტენის პირველი გვერდის დაფიქსირება და იმის დანახვა, თუ რა არჩევანია გაკეთებული - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. 

გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ხმის დათვლის პროცედურის ვიდეო-გადაღებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ცესკო-ს გამიზნული არ ჰქონდა.

ცესკო-ს ვალდებულება აქვს მის მიერვე მიღებული დადგენილების საფუძველზე, რომ ხმის დათვლის პროცედურის ვიდეო გადაღებისას, პირველი გვერდი ისე დაფიქსირდეს, რომ როდესაც ეს ვიდეოები პორტალზე აიტვირთება, მკაფიოდ და ნათლად გამოჩნდეს, რომელი პარტია და კანდიდატია შემოხაზული. რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე გავმართეთ ბრიფინგი, რასაც ცესკო ასევე ბრიფინგით გამოეხმაურა. ჩვენს განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა და შემოგვთავაზა ორაზროვანი განმარტება, თითქოს ისინი დადგენილებით განსაზღვრულ ვალდებულებას შეასრულებდნენ. როგორც დღეს აღმოჩნდა, ამის საფუძველი გვქონდა. ეს ყველაფერი გავაგებინეთ სადამკვირვებლო მისიებს და ჩვენს ყველა პარტნიორს.

დღეს პრაქტიკულად დადასტურდა, რომ ცესკო-ს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების არც სურვილი ჰქონდა და არც ამ ვალდებულების შესრულება ჰქონდა გამიზნული.

სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ჩვენ მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაზე, რომლითაც რამდენიმე დღის წინ ცესკო-ს ოფიციალურად მივმართეთ, ცესკოსგან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. ჩვენ მოვთხოვეთ ცესკო-ს მკაფიო განმარტება იმაზე, რომ უზრუნველყოფდა ხმის დათვლის პროცესის იმგვარად ჩაწერას, რომ ჩვენს მსგავს პარტიებს შესაძლებლობა ექნებოდათ, როდესაც ეს ყველაფერი აიტვირთებოდა პორტალზე, გვენახა პირველი გვერდი და ის, თუ რა არჩევანი იყო გაკეთებული.

კამერა ისეთი მანძილით იღებს, ბიულეტენის პირველი გვერდის დაფიქსირება და გაკეთებული არჩევანის დანახვა არის პრაქტიკულად შეუძლებელი. დილით, როდესაც უბნები გაიხსნა, ჩვენი წარმომადგენლები შეეცადნენ შენიშვნა დაეფიქსირებინათ შენიშვნების წიგნში. ამის გაკეთების შესაძლებლობა არ მიეცათ“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები