რა ინფორმაცია მიაწოდეს სინდისის პატიმრების ადვოკატებმა კშიშტოფ ბრეიზას - ევროპარლამენტართან შეხვედრა გრძელდება

14.06.25 13:26
რა ინფორმაცია მიაწოდეს სინდისის პატიმრების ადვოკატებმა კშიშტოფ ბრეიზას - ევროპარლამენტართან შეხვედრა გრძელდება

სინდისის პატიმრების ადვოკატებსა და საქართველოში მყოფ ევროპარლამენტარს შორის შეხვედრა გრძელდება - აუდიენციის მიმდინარეობისას "ტვ პირველთან" კომენტარი მაია მწარიაშვილმა და ირაკლი ჩომახაშვილმა გააკეთეს, რომლებმაც მედიას ინფორმაცია იმის შესახებ მიაწოდეს, თუ რა საკითხების განხილვა მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა. 

მაია მწარიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე, სადაც ევროპარლამენტარი იურისტ მეუღლესთან ერთად იმყოფება, საუბარი პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობას შეეხო. 

"ერთ-ერთ პროცეს დაესწრნენ და სრულიად შოკირებულები არიან იმით, თუ რა ხდება ჩვენს სასამართლოში" - აღნიშნა მაია მწარიაშვილმა "პირველებთან". 

მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთ-ერთ პროცეს დაესწრნენ და სრულიად შოკირებულები არიან, რა ხდება ჩვენს სასამართლოში. მათ ჰქონდათ კითხვები, ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია. ცხადია, მე ვისაუბრე მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით და საერთოდ, როგორი უმძიმესი მდგომარეობაა ჩვენს მართლმსაჯულების სისტემაში. თავისთავად ცხადია, ვისაუბრეთ პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებულ საქმეებზე, მართლმსაჯულებაში მდგომარეობაზე და მათი კითხვები, ძირითადად, ამ საკითხებს შეეხებოდა. ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს". - განაცხადა მაია მწარიაშვილმა. 

რაც შეეხება ირაკლი ჩომახაშვილს, სინდისის პატიმრების უფლებადამცველის თქმით, კშიშტოფ ბრეიზასთან არამხოლოდ ახალგაზრდების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე, არამედ იმ სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს, რომლებიც სამართლებრივ-პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 

დეტალურად ვისაუბრეთ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკასთან. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები გავცვალეთ ერთმანეთთან, რადგან მნიშვნელოვანია საერთაშორისო მეგობრების ჩართულობა სამართლიანობის პრინციპის დაცვის დროს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი მიზანი ევროკავშირში ინტეგრაციაა და ერთ-ერთი მოთხოვნა არის, რომ უნდა არსებობდეს სამართლიანი სასამართლოს დაცვის გარანტიები საქართველოში და ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ პოლიტიკური მოსაზრების თავისუფლად გამოხატვის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ეს სამართლებრივ ჭრილში იქნა განხილული, რადგან ჩვენი შეხვედრა თავიდან ბოლომდე დაეთმო იურიდიულ საკითხებს და ჩვენ ვიმსჯელეთ სამომავლო გეგმებზეც, თუ როგორ შეიძლება გავაჯანსაღოთ ის პროცესი, რომელსაც ჰქვია დღევანდელი პოლიტიკური სამართლებრივი ვითარება ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების მიმართ". - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილი. 

მსგავსი სიახლეები