საქმეები პოლიტიზებულია, ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემის მიერ სამართლის უზენაესობა ნადგურდება - ევროპარლამენტარი პროცესებს დაესწრო
სინდისის პატიმრების უფლებადამცველებსა და კშიშტოფ ბრეიზას შორის აუდიენცია დასრულდა - შეხვედრიდან გამოსულმა ევროპარლამენტარმა "ტვ პირველთან" კომენტარი გააკეთა და პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში "ივანიშვილის შექმნილი ოლიგარქიული სისტემის მიერ" დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება იდევნება და სამართლის უზენაესობა ნადგურდება.
საქართველოში მყოფმა ევროპელმა პოლიტიკოსმა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ერთ-ერთ პროცესს დაესწრო, "პირველებთან" განაცხადა, რომ "გამანადგურებელია იმის დანახვა, თუ როგორ მუშაობს სასამართლო, რამდენად პოლიტიზებულია საქმეები და რამდენად პოლიტიზებულია პროკურატურა".
ამასთან, კშიშტოფ ბრეიზამ ყურადღება "ქართული ოცნების" პოლიტიკური ოპონენტების დაკავების ფაქტზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ "ყალბი ბრალდებებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება საბჭოური მეთოდია".
"სამწუხაროდ, მე ვხედავ პუტინის გავლენას და მოქმედებებს, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ" - დასძინა ევროპარლამენტარმა, რომელიც სიტუაციიდან გამოსავლის ერთ-ერთ გზად "ქართული ოცნების" წარმომადგენლებზე სანქციების დაწესებას ხედავს.
ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ შეხვედრამ და ადვოკატებთან კონტაქტმა. საქართველოში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება იდევნება, სამართლის უზენაესობა ნადგურდება „ქართული ოცნებისა“ და ბატონ ივანიშვილის შექმნილი ოლიგარქიული სისტემის მიერ.
მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ ამდენი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს ქვეყანას. გუშინ ვიყავი თბილისის საქალაქო სასამართლოში. გამანადგურებელი იყო იმის დანახვა, თუ როგორ მუშაობს სასამართლო, რამდენად პოლიტიზებულია ეს საქმეები, რამდენად პოლიტიზებულია პროკურატურა, როგორ მუშაობს სამთავრობო ტელევიზია, რომელიც ოლიგარქიულ, პრორუსულ, პროპუტინურ სისტემას ექვემდებარება.
ყალბი ბრალდებებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების მიზანი მხოლოდ ერთია – ამ მამაცი, გაბედული ხალხის განადგურება, განეიტრალება და გაჩუმება. ეს საბჭოური მეთოდია.
სამწუხაროდ, მე ვხედავ პუტინის გავლენას და მოქმედებებს, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ.
ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსავალი დასავლეთის ქვეყნებისა და ევროკავშირის მხრიდან მეტი სანქციების დაწესებაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ დანაშაულებრივ, ოლიგარქიულ რეჟიმს ქმნის.
ასევე, ჩემთვის მძიმეა იმის დანახვა, როგორ ნადგურდება თავისუფალი მედია საქართველოში." - განაცხადა კშიშტოფ ბრეიზამ.