ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში დაუდასტურეს.
როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოიკითხება.
გომელაური გენერალურ პროკურატურაში 17:00 საათზე უნდა მივიდეს.
- გომელაური ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო უსფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ედავება, რომ შს მინისტრობის დროს თვითნებურად გახსნა საგუშაგო ჩორჩანაში, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია.
თეა წულუკიანის კომისიის წევრები გახარიას ედავებიან, რომ საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული არც პრემიერთან და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.
ქართული პოლიციის საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა, მანამდე, 5 თვის განმავლობაში, გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის. იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები — მწვანე ბანერები და დროშები — იმავე ტერიტორიაზე. 2019 წლის თებერვალში დაიწყო ოსურმა მხარემ ჩორჩანის ტყეში ხეების მონიშვნა.
- გიორგი გახარიამ წულუკიანის კომისიაზე თქვა, რომ ტყეში პატრულირებდა საოკუპაციო რეჟიმი, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს და აპირებდნენ საოკუპაციო ხაზის გაფართოებას ახალგამოჩენილი, 1992 წლის ე.წ. რუკებით, რაც ჩორჩანის ტყის მასივის 1800 ჰექტრის მითვისებას გამოიწვევდა.