სამიზნე გახარიაა - ხუხაშვილი გომელაურის პროკურატურაში დაბარებაზე

14.06.25 16:51
სამიზნე გახარიაა - ხუხაშვილი გომელაურის პროკურატურაში დაბარებაზე

გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი "ოცნებამ" პროკურატურაში გამოკითხვაზე გიორგი გახარიას "გასანეიტრალებლად" დაიბარა.

როგორც ხუხაშვილი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, გომელაურის დაბარება ფორმალურად ხდება იმისთვის, რომ "გულწრფელი აღიარება" დაწეროს და გიორგი გახარიასკენ, რომელიც ჩორჩანას ეპიზოდის დროს შს მინისტრი იყო, "ხელი გაიშვიროს". 

  • "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
  • ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ედავება, რომ შს მინისტრობის დროს თვითნებურად გახსნა საგუშაგო ჩორჩანაში, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია. 

ბუნებრივია გახარიაა სამიზნე. გომელაური დღესაც სისტემის ნაწილია ხო? ის კი წამოვიდა თანამდებობიდან, მაგრამ ეს არის ივანიშვილის ერთგვარი თამაშები. გომელაურის პროკურატურაში დაბარება ერთგვარი შეფუთვაა, შორიდან მოდიან ვითომ... ეს არის ჩვეულებრვიი ბანალური თამაშები და მეტი არაფერი. გასაგებია, რომ გომელაური ვითომ-ვითომ დაიბარეს, ის დაწერს გულწრფელ აღიარებას ასე რომ ვთქვათ, ხელს გაიშვერს გახარიასკენ და ეს იქნება რა, მეტი არაფერი. იმის ილუზია, რომ გოემლაურის შეუქმნიან პრობლემას, ეს არავის უნდა ჰქონდეს", - ამბობს გია ხუხაშვილი.

  • გომელაური ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო უსფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

თეა წულუკიანის კომისიის წევრები გახარიას ედავებიან, რომ საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული არც პრემიერთან და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.

ქართული პოლიციის საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა, მანამდე, 5 თვის განმავლობაში, გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის. იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები — მწვანე ბანერები და დროშები — იმავე ტერიტორიაზე. 2019 წლის თებერვალში დაიწყო ოსურმა მხარემ ჩორჩანის ტყეში ხეების მონიშვნა.

  • გიორგი გახარიამ წულუკიანის კომისიაზე თქვა, რომ ტყეში პატრულირებდა საოკუპაციო რეჟიმი, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს და აპირებდნენ საოკუპაციო ხაზის გაფართოებას ახალგამოჩენილი, 1992 წლის ე.წ. რუკებით, რაც ჩორჩანის ტყის მასივის 1800 ჰექტრის მითვისებას გამოიწვევდა.

 

მსგავსი სიახლეები