"ოცნების" პარტაქტივის რიგით მოქალაქეებად გასაღების სკანდალზე ოპოზიციაში კომენტარები კეთდება

14.06.25 17:43
"ოცნების" პარტაქტივის რიგით მოქალაქეებად გასაღების სკანდალზე ოპოზიციაში კომენტარები კეთდება

"ოცნების" პარტაქტივის რიგით მოქალაქეებად გასაღების სკანდალზე ოპოზიციაში კომენტარები კეთდება.

  • გუშინ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ  პოლონეთის საელჩოსთან გამართულ აქციაზე "ქართულმა ოცნებამ" პარტიული აქტივისტები რიგით მოქალაქეებად გაასაღა.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე "პირველებთან" ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი ცივილური სამყაროსთვის ამ აქციით იმის ჩვენებას შეეცადა, რომ თითქოს საქართველოში დასავლეთისა და ევროკავშირის მიმართ უარყოფითი განწყობები არსებობს. 

ტუსკის განცხადება შეეხებოდა სავიზო შეზღუდვებს ავტოკრატიული რეჟიმებისთვის. სწორედ ასეთი არის "ქართული ოცნება". თუკი საქართველოს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან საფრთხე დაემუქრება, მხოლოდ და მხოლოდ, "ქართული ოცნება" იქნება ამაზე პასუხისმგებელი. ცდილობენ იმის დემონსტრირებას, რომ საქართველოში დასავლეთის და ევროკავშირის მიმართ უარყოფითი განწყობებია. მხოლოდ ამას ემსახურება მათი ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილი". - განაცხადა გიორგი სიორიძემ. 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ლევან სანიკიძე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მიერ პოლონეთის საელჩოსთან აქციის გამართვას "ფასადურ" და "იმედის" პროპაგანდისტული შოუს ნაწილად აფასებს.

კარგად გამოჩნდა ის, რომ ივანიშვილი, რომელსაც უკანა ჯიბეში საფრანგეთის პასპორტი უდევს და არ აღელვებს პირადად ვიზალიბერალიზაციის საკითხი, მზად არის, სამი მილიონი ქართველი დაასანქცირებინოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. იაფფასიანი მცდელობები, რომ თითქოს 30 კაცით შეუძლიათ დემოკრატიის იძულება, მხოლოდ და მხოლოდ, არის ფასადური, "იმედის" პროპაგანდისტული შოუს ნაწილი". - განაცხადა ლევან სანიკიძემ. 

ამავე პოზიციას იზიარებს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ნიკუშა ფარულავა, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდი "დამოუკიდებელი მოქალაქეებით" ალტერნატიული რეალობის შექმნას ცდილობს. 

ე.წ. დამოუკიდებელი მოქალაქეებით ალტერნატიული რეალობის შექმნას ცდილობდნენ. ზოგადად ასე იქცევა ყველა ავტორიტარი, არადემოკრატი მმართველი. ისინი ცდილობენ, რომ საკუთარი დაორგანიზებული ქმედებებით შექმნან განცდა, რომ თითქოს საზოგადოება ორად გახლეჩილია და არსებობს ორი სხვადასხვა შეხედულება. სინამდვილეში, დღეს ქართველი ხალხის უმრავლესობა შევთანხმდით, რომ ამ ქვეყნის მომავალი ევროკავშირში და ნატოშია". - განაცხადა ნიკუშა ფარულავამ. 

რაც შეეხება "ფედერალისტების" პოზიციას, თამარ ჩერგოლეიშვილი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ხალხი ივანიშვილის გუნდს არ მოიშორებს, რამდენი კაციც არ უნდა "მიუქსიოს" "ქართულმა ოცნებამ" დიპლომატიურ უწყებას, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მუდამ იდგება. 

რამდენი ჯგუფიც არ უნდა მიუქციონ, გარდაუვალად დავკარგავთ უვიზო მიმოსვლას, თუ "ქართული ოცნება" არ შეცვალეთ. ეს არის რუსული რეჟიმი და რუსებს უბრალოდ არ აქვთ უვიზო. თუ ქართველი ხალხი რუსულ რეჟიმს ეგუება, დასკვნა რჩება ქართველ ხალხზე. იმის გამო, რომ კონსოლიდაციას ვერ ახერხებენ და პუტინს ვერ ცვლიან, არაფერი არ გააჩნიათ. სანქცირებულები არიან, საბანკო ბარათებს ვერ იყენებენ. იგივე მოგვივა ჩვენც, თუ რუსები არ გამოვცვალეთ". - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა. 

"ქართულმა ოცნებამ" პარტიული აქტივისტები რიგით მოქალაქეებად გაასაღა - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზიაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

როგორც ISFED  წერს, დღეს 13 ივნისს, პოლონეთის საელჩოსთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების აქცია გაიმართა. თუმცა მათი თქმით, აქცია, რომლის მოთხოვნაც იყო, ბოდიში მოეხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც საქართველოს მტრად და „დიფ სთეითის“ მეგობრად გამოცხადდა, პროპაგანდისტულმა მედიამ მოქალაქეთა პროტესტად წარმოაჩინა.

მსგავსი სიახლეები