ALDE-ს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოსთან დაკავშირებით საგანგებო დებატებს ითხოვს - რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას
ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) პოლიტიკური ჯგუფი საქართველოსთან დაკავშირებით საგანგებო დებატებს ითხოვს. როდის შედგება განხილვა - ორშაბათს გაირკვევა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ დებატები მწვავე იქნება, რადგან ევროპელი მეგობრები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან.
ევროპული ინსტიტუტები და ჩვენი მეგობარი ქვეყნები ძალიან დეტალურად და ყურადღებით მისდევენ აქაურ პროცესებს და მათ ძალიან კარგად ესმით, რას ნიშნავს პოლიტიკური ლიდერების, ყველაზე მსხვილი კოალიციის სამი ლიდერის დაკავება, თუ რა გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის. მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება ძალიან მწვავე დებატები. ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერი მომზადებული გვაქვს ყველა იმ დარღვევაზე, იმიტომ, რომ სინამდვილეში, მელიას გატაცება, ზურას უადვოკატოდ მისჯა, ძალიან ბევრი დეტალია ზოგადად, მთლიანად ეს კომისია, ძალიან ბევრი სიგიჟეა ამ საქმეებზე, ყველა ეს ინფორმაცია იქნება გაგზავნილი, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა ევროპულ სივრცეს დააშოროს. მისი თქმით, მათ შორის, საფრთხეში აგდებენ ევროპულ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლასაც.
როგორც ჩანს, მათი ამოცანა და დავალება, რომელიც რუსეთისგან აქვთ მიღებული, არის, რომ მას შემდეგ, რაც შეჩერდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ახლა ყველაფერი გაკეთდეს, რომ ქართველმა ხალხმა დაკარგოს ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენ გვაქვს უკვე მიღებული, იმიტომ, რომ მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, რაც არის ევროსაბჭოს მთავარი მიმართულებები, არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის, რომ მაგალითად, გაგრძელდეს ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის არსებობა. მიზანმიმართული ჩამოშორება ხდება ყველა ევროპული სივრციდან, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს მხოლოდ ახალ თავისუფალ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაში ხედავენ.
საერთაშორისო მეგობრები მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ერთადერთ გამოსავალს ხედავენ ახალ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში და ყველა პოლიტპატიმრის გათავსუფლებაში, - ამბობს თინა ბოკუჩავა.