კახიშვილი ვერ ამბობს, რომ ბახტაძეს გახარიასგან ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა

16.06.25 21:06
კახიშვილი ვერ ამბობს, რომ ბახტაძეს გახარიასგან ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა

"მე ვერ დავადასტურებ, ჰქონდა თუ არა სატელეფონო საუბარი, ან ცალკე შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან გახარიას" - ასე უპასუხა პროკურატურიდან გამოსულმა კახი კახიშვილმა "პირველების" კითხვას, ფლობდა თუ არა ინფორმაციას მაშინდელი პრემიერი, მამუკა ბახტაძე ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით. 

კახი კახიშვილმა განაცხადა, რომ "ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შესულა".

  • კახიშვილი ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოში, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციას იკავებდა, პრემიერ-მინისტრი კი მამუკა ბახტაძე იყო.

როგორც თქვენთვის ცნობილია, დაბარებული ვიყავი საქართველოს პროკურატურაში დაკითხვაზე ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით. იმ პერიოდში გახლდით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და გამოძიებას ბუნებრივია აინტერესებდა, იყო თუ არა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით იმ დროს, ან მოსალოდნელ საფრთხეებთან, ან გადაწყვეტილების მიღებასთან. ბუნებრივია, მე ვუპასუხე, რაც არის და იყო. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ოფიციალურად ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით იმ დროს არ ყოფილა. მეტიც, ასეთ სამუშაო თათბირს, რომელიც მიმდინარეობდა ჩემი მონაწილეობით, ეს საკითხი არ განხილულა. ბუნებრივია, არც მთავრობის სხდომის ფორმატში არ განხილულა ეს საკითხი.

მე შემიძლია დაგიდასტუროთ ერთი რამ, რომ ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა. არცერთ თათბირზე, არც მთავრობის სხდომის ფორმატში, ინფორმაცია მთავრობის წევრებისთვის და საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის არ ყოფილა. შესაბამისად, მე ვერ დავადასტურებ სატელეფონო საუბარში იყო თუ არა რაიმე ცნობილი პრემიერისთვის, მაგრამ ოფიციალურ ფორმატში არც წერილობით, არც სიტყვიერად, არც მთავრობის ადმინისტრაციის სამუშაო თათბირის ფორმატში, არც მთავრობის სხდომის ფორმატში არც მთავრობის წევრებისთვის, არც საქართველოს პრემიერისთვის ინფორმაცია მიწოდებული არ ყოფილა. 

მე ამიტომ აღვნიშნე, რომ ოფიციალურად თუ რაიმე შემოდიოდა მთავრობის ადმინისტრაციაში, მე ვკითხულობდი, ვეცნობოდი და შემდეგ ვახსენებდი საქართველოს პრემიერს. ოფიციალურად ინფორმაცია ამის შესახებ არ შემოსულა. (ჟურნალისტი: დადასტურებულად შეგიძლიათ იმის თქმა, რომ ბახტაძემ არ იცოდა?). ვერაფერს ვერ გეტყვით მე დადასტურებულად. მე არ ვარ საქართველოს პროკურორი, რომ გაგცეთ პასუხი, რატომ არ იბარებენ (მამუკა ბახტაძეს). ალბათ, დაიბარებენ. მე ვერ დავადასტურებ, ჰქონდა თუ არა სატელეფონო საუბარი, ან ცალკე შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან გახარიას. მე გითხარით ოფიციალურად, ჩემი მონაწილეობით არ ყოფილა. დანარჩენზე მამუკა ბახტაძემ უნდა გაგცეთ პასუხი. 

თუ თქვენ გაიხსენებთ იმ პერიოდს და ნახავთ არქივებს, ეს საკითხი გახმაურდა 29-ში. 2-ში მამუკა ბახტაძე გადადგა. მამუკა ბახტაძემ გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება 2-ში გააკეთა, თუმცა დაახლოებით 1 კვირის წინ უმაღლესი თანამდებობის პირებმა ვიცოდით, რომ პრემიერი აპირებდა გადადგომას, შესაბამისად ის დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა. მეტსაც გეტყვით, ვინაიდან ის თვლიდა, რომ უნდა გადამდგარიყო, აგვისტოს მეორე ნახევარში მთავრობის სხდომებიც არ ჩატარებულა. 29-ში რომ გახდა ცნობილი და 2-ში რომ კაცი მიდის სამსახურიდან, როგორ ფიქრობთ, რა რეაგირება უნდა მოეხდინა." - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას შეკითხვები ე.წ. წულუკიანის საგამოზიებო კომისიაზე დაუსვეს. 

"ქართული ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.

 „ყველამ ყველაფერი იცოდა“, „დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო - თქვა "ქართული ოცნების" საპასუხოდ გიორგი გახარიამ, აპრილში. 

მსგავსი სიახლეები